საქართველოს მოქალაქე ნინო ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/586 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 12 სექტემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნინო ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. 2014 წლის 4 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის№586) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნინო ხუციშვილმა. №586 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 4 აპრილს.
2. №586 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 12 სექტემბერი.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი აყალიბებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
5. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმის თანახმად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ცხადდება დროებით მოვალეობის შემსრულებლად და მათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება შეეძლებათ მხოლოდ შესაბამის თანამდებობათა კონკურსის წესით შევსებამდე. ვაკანტური თანამდებობების შესავსებად კი კონკურსი უნდა დაინიშნოს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არა უგვიანეს 120-ე დღისა.
6. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლს, მისი პირველი პუნქტი არეგულირებს გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს და ადგენს, რომ ასეთი რაოდენობა არ უნდა იყოს 30 ერთეულზე ნაკლები. ამასთან, სადავო ნორმით განსაზღვრულია საშტატო მოსამსახურეთა შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის გამოთვლის წესი. შტატგარეშე მოსამსახურეების შემთხვევაში, მათი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს, ხოლო, თუკი ეს რიცხვი 5-ზე ნაკლებია, შესაძლებელია, საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის 5-მდე შევსება. გარდა ამისა, გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25 პროცენტს. სადავო ნორმა ასევე განსაზღვრავს, რომ მითითებული რეგულაციები არ ვრცელდება თვითმმართველ ქალაქ თბილისზე, აგრეთვე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჭარის მუნიციპალიტეტებზე.
7. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ნინო ხუციშვილი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეს, კერძოდ, ის 2011 წლის 13 დეკემბრის მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის №617 ბრძანებით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით.
8. მოსარჩელის განმარტებით, ორივე სადავო ნორმა დამოუკიდებლად ატარებს ერთსა და იმავე შინაარსს, იმ განსხვავებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 156-ე მუხლი ადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმის სისრულეში მომყვან საკანონმდებლო დანაწესს. აქედან გამომდინარე, ორივე სადავო ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს ერთიანად.
9. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყოველი მოქალაქისთვის სახელმწიფო თანამდებობის დაკავების თანაბარ შესაძლებლობას, ხოლო 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს შრომის თავისუფლებას.
10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საჯარო მოხელე კონსტიტუციით დაცულია სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან. მას საჯარო სამსახურში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის, უფლებამოსილებათა გადაცემისა და სამუშაოს განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში უჩნდება შესაბამის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით განწესების მოლოდინი. თუმცა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დასრულებისთანავე, უკუძალის წესით, ათასობით საჯარო მოხელისთვის განსაზღვრავს საჯარო მოხელის დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობის უვადო ხასიათს გარდაქმნის ვადიანად და შესაბამისი ორგანოებისთვის აწესებს საჯარო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების ვალდებულებას. ამით იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. მოსარჩელის მითითებით, შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიაა. ეს უფლება გამომდინარეობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა განამტკიცებს. კანონმდებელი ნორმათშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას უნდა ცდილობდეს სოციალური თანაცხოვრების ხელშეწყობასა და შენარჩუნებას, თუმცა იმ პირობით, რომ, იმავდროულად, დაიცავს თითოეული ადამიანის თვითმყოფადობას. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის მიზანი არის თავისუფალი და რეალიზებული ადამიანი, რასაც ეწინააღმდეგება სადავო ნორმები, ვინაიდან ის ერევა კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებაში და ქმნის მოხელის თანამდებობიდან ლეგალურად გათავისუფლების შესაძლებლობას. შრომის უფლების აღიარებას აზრს უკარგავს სადავო ნორმათა მოქმედება, ვინაიდან ის ზღუდავს შრომის უფლებაზე წვდომის თანაბარ შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისათვის. შესაბამისად, სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი.
12. მოსარჩელე მხარეთავის არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება, ვინაიდან ის გამოუსწორებელი ზიანის მომტანია მოსარჩელისათვის.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №586 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის №2479-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონით ცვლილებები შევიდა საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული მუხლი აყალიბებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1344 მუხლს.
3. დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, №586 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1344 მუხლმა იურიდიული ძალა დაკარგა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
5. N586 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობა.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
7. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რატომ წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლით დადგენილი საკანონმდებლო დანაწესი „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სისრულეში მომყვან ნორმას.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლს აქვს ავტონომიური ნორმატიული რეგულირების სფერო და არ იკვეთება მისი კავშირი „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის N1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ წესთან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შემტანი ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დროებით შემსრულებლებად განწესების დამდგენი ნორმის სისრულეში მოყვანა ვერ მოხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესით, რომელიც ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ხარჯების განსაზღვრის წესს. თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება პირდაპირ არ არის დამოკიდებული საჯარო მოსამსახურეთა დროებით მოვალეობის შემსრულებლად განწესებაზე და პირიქით“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 ივლისის №3/2/602 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი და სხვები, სულ 35 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, N586 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება არ არის გამყარებული საფუძვლიანი არგუმენტაციით და არ იკვეთება ლოგიკური კავშირი მოსარჩელის არგუმენტებსა და სადავო ნორმით დადგენილ ნორმატიულ შინაარსს შორის. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ემყარება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას და არ მიემართება ნორმის რეალურ შინაარსს.
10. ამგვარად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. შესაბამისად, N586 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული №586 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ნინო ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს სამართალწარმოება №586 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქე ნინო ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის №1971-IIს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი