ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1511 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ბენდო თედორაძე, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე |
თარიღი | 10 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილი: „დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება“. | საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელეები არიან ქალაქ ქობულეთსა და ბათუმში მცხოვრები პირები, რომელთა მიმართაც ოზურგეთის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტის გურამ შარაშენიძის მიერ, 2019 წლის 14 აგვისტოს შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. კერძოდ, ხათუნა ბერიძის მიმართ N000072, ანზორ გუბაევის მიმართ N000078 და ბონდო თედორაძის მიმართ N000075 ოქმები. (იხ. დანართი 1)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი გახდა შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადამეტება. აღნიშნული ქმედება დასჯადია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე მუხლით.
მოსარჩელეთა მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები განიხილა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი წარმომადგენლების განმარტებით, ისინი სარგებლობდნენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, შეკრება მიმართული იყო შპს „ურეკი რეზიდენსში“ მყოფი პირისადმი და მათ ჰქონდათ უფლება გადაეჭარბებინათ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისთვის.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია და განმარტა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო „შეკრების“ მონაწილეთა მიზანი, რაც მათ სასამართლო სხდომაზე ცხადად განმარტეს და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა „შეკრება“, არ წარმოადგენდა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ „შეკრებას“.(იხ. დანართი 1.)
მოსარჩელეებმა აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომელმაც დადგენილება უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლო მოსაზრებით, „საჯარო სივრცეში გამართულმა შეკრებამ გამოიწვია ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევა ან იმ პირთა შეწუხება თუ შეურაცხყოფა ვის მიმართაც ის იყო მიმართული. სამართალდამრღვევების ქმედებას არ ჰქონდა სპონტანური ხასიათი, არამედ ის იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი - მრავალჯერადი ქმედება(სხვადასხვა პირების მიერ), რომელსაც სასამართლო ვერ შეაფასებს, როგორც გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზებას, რადგან ეს შეკრება ემსახურებოდა კონკრეტული პირის შეგნებულად შეწუხებას და მისთვის დისკომფორტის შექმნას, აღნიშნული კი თავისი შინაარსით სცდება გამოხატვის უფლებას და არღვევს თანაზომიერების პრინციპს გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვების ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს შორის.“(იხ. დანართი 2).
ამგვარად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის საფუძველზე, უშუალოდ შეიზღუდა მომჩივანების შეკრების თავისუფლება. მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები, იდავონ სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის საკითხზე, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან პროტესტის გამოხატვის მიზნით ხმაურის გამო. რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ განმარტებული გასაჩივრებული ნორმის ნორმატიული შინაარსის საფუძველზე, მოსარჩელეებს დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც მათ აღნიშნული სარჩელის მიზნებისთვის ხდის უფლებამოსილ სუბიექტებს შეიტანონ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 30 აპრილს მიღებული N1/16/1480 განჩინებით არ მიიღო არსებითად განსახილველად ბონდო თედორაძის, ანზორ გუბაევის და ხათუნა ბერიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ სარჩელით გასაჩივრებული იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეკრების ცნება. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული განჩინების მეორე თავის მე-8 პუნქტში განაცხადა:
„მოსარჩელეთა მიერ მითითებული სადავო ნორმა არ შეიცავს შეზღუდვას შეკრების უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით. განსახილველი სადავო ნორმა ადგენს „შეკრების“ საკანონმდებლო დეფინიციას. მისი მიზანია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ცნების - „შეკრების“ შინაარსის განსაზღვრა. სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე სამართლებრივ შედეგს იმგვარ შეკრებებთან მიმართებით, რომლებიც არ მოიაზრება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ „შეკრების“ ცნებაში და, ამ თვალსაზრისით, არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. უფრო მეტიც, სადავო ნორმა არც „შეკრების“ ცნების ქვეშ მოაზრებული ქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭებას შეეხება. მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო დეფინიცია გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. როგორც უკვე აღინიშნა, შეკრების კონსტიტუციური უფლების განხორციელება უზრუნველყოფილია იმისაგან დამოუკიდებლად, ექცევა თუ არა იგი კანონით დადგენილი „შეკრების“ საკანონმდებლო დეფინიციის ქვეშ. ამდენად, თავისთავად, დასახელებული ტერმინის დეფინიცია და ამა თუ იმ ქმედების შეკრებად არმიჩნევა, შესაბამისი იურიდიული შედეგების განსაზღვრის გარეშე, ვერ განაპირობებს მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.“
ამავე განჩინების მეორე თავის მე-9 პუნქტში აღნიშნულია: „აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა მოსარჩელეებს, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა არა სადავო ნორმაზე დაყრდნობით, არამედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა შესაძლოა მომდინარეობდეს სწორედ დასახელებული ნორმიდან და არა „შეკრების“ ცნების დეფინიციიდან.“
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77 1 -ე მუხლს გააჩნია იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რაც ზღუდავს საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან ან საკუთრებასთან ხმაურის გადამეტებას.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77 1 -ე მუხლის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.სადავო ნორმატიული შინაარსი
„შეკრებისა და მანიფესტაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს სიტყვა „შეკრების“ საკანონმდებლო დეფინიციას. კერძოდ, „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასჯადია დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება. აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით, კი ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. ამის მიუხედავად, 771 მუხლის პირველი ნაწილი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შეკრებად არ მიიჩნევს შეკრებას, როცა შეკრება ხდება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან, რომლის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს მისთვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას.
აღნიშნული ნორმატიული შინაარსი შესძინეს სადავო ნორმას რაიონული და სააპელაციო სასამართლოებმა. კერძოდ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 5 სექტემბრის დადგენილებაში აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს.“ აღნიშნული პოზიცია გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც 2019 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებაში. კერძოდ, სასამართლო მოსაზრებით, „საჯარო სივრცეში გამართულმა შეკრებამ გამოიწვია ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევა ან იმ პირთა შეწუხება თუ შეურაცხყოფა, ვის მიმართაც ის იყო მიმართული. სამართალდამრღვევების ქმედებას არ ჰქონდა სპონტანური ხასიათი, არამედ ის იყო მიზანმიმართული, წინასწარ დაგეგმილი - მრავალჯერადი ქმედება(სხვადასხვა პირების მიერ), რომელსაც სასამართლო ვერ შეაფასებს, როგორც გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზებას, რადგან ეს შეკრება ემსახურებოდა კონკრეტული პირის შეგნებულად შეწუხებას და მისთვის დისკომფორტის შექმნას, აღნიშნული კი თავისი შინაარსით სცდება გამოხატვის უფლებას და არღვევს თანაზომიერების პრინციპს გამოხატვის თავისუფლებასა და კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვების ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს შორის.“
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ის, რომ მოსარჩელეები შეკრებილნი იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში(შეკვეთილი) შპს „ურეკი რეზიდენსის“ კერძო საკუთრების მიმდებარედ ზღვის სანაპიროზე, საჯარო სივრცეში. 2. ის, რომ მიმდინარე აქციის - „გააღვიძე ოლიგარქი“ მიზანი იყო დაეფიქსირებინათ პროტესტი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართული შეკრების ძალის გამოყენებით დაშლის გამო. აღნიშნული გარემოებებიდან ირკვევა, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა შეკრებად არ ჩათვალეს შეკრება, რომლიც იმართება საჯარო სივრცეში, კერძო საკუთრების მახლობლად, იმ მიზნით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ პროტესტის გამოხატვით მასზე მოახდინონ ზეგავლენა და ამასთან, ამ შეკრების თანმდევია აღნიშნული პირის შეწუხება და მისთვის დისკომფორტის შექმნა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დასჯადია შეკრება, რომელიც მიმდინარეობს საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან, რომლის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა და რომელიც იწვევს მისთვის დისკომფორტის შექმნასა და შეწუხებას. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს (შეკრების თავისუფლება) და შესაბამისად, სადავო ნორმა ამ ნორმატიული შინაარსით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
ამასთან მნიშვნელოვანია თავად საკონსტიტუციო სასამართლოს N1/16/1480 განჩინებით გაკეთებული განმარტება, რომელმაც საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან/კერძო საკუთრებასთან პროტესტის მიზნით ხმაურის შეზღუდვის ნორმატიული შინაარსი, სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლში ამოიკითხა. ამ განჩინების მეორე თავის მე-9 პუნქტში აღნიშნულია: „აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა მოსარჩელეებს, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა არა სადავო ნორმაზე დაყრდნობით, არამედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული ოზურგეთის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით შეკრების თავისუფლების შეზღუდვა შესაძლოა მომდინარეობდეს სწორედ დასახელებული ნორმიდან და არა „შეკრების“ ცნების დეფინიციიდან.“
3. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფერო
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, როგორც გამოხატვის სპეციალური ფორმა, ორი თანაბარმნიშვნელოვანი უფლებისგან განუყოფელ ასპექტს მოიცავს: შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა (უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ შინაარსით არის კონსტიტუციის 25-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დაცული უფლება ინსტრუმენტული და ასეთ შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება იყოს იდენტური იმ უფლების შეზღუდვის საფუძვლებისა, რომლის რეალიზებასაც ის ემსახურება.“[1]
სადავო ნორმა კრძალავს, მათ შორის, პოლიტიკოსის სახლთან ან სხვა საკუთრებასთან დასაშვებ ნორმაზე მეტ ხმაურს. უნდა დადგინდეს, დასაშვებ ნორმაზე მეტი ხმაური, არის თუ არა შეკრების თავისუფლებით დაცული. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე EZELIN v. FRANCE. ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 52-ე მუხლში აღნიშნა: „პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს ბალანსის დაცვას კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზნებსა და ქუჩებსა და სხვა საჯარო ადგილებში სიტყვით, ჟესტებით და დუმილით აზრის თავისუფლად გამოხატვას.“[2] ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟესტები, ანუ არავერბალური ქმედებები, რასაც საკომუნიკაციო ფუნქცია გააჩნია (შემდგომში ექსპრესიული ქმედება) მოაქცია შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება საქმეზე FÁBER v. HUNGARY, ეხებოდაუნგრელი მემარჯვენე კონტრ-დემონსტრანტის დაკავებას. ეს აქტივისტიი დააკავეს იმის გამო, რომ მემარცხენეების მიერ გამართული ანტირასისტული პროტესტის საწინააღმდეგოდ აფრიალებდა არპადების დინასტიის დროშას, რომელის მსგავს დროშას იყენებდა უნგრეთში მოქმედი ფაშისტური რეჟიმი. „ფაშისტური“ დროშის საჯარო ადგილას გამოფენის გამო მომჩივანი დააკავეს. მომჩივანს პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაეკისრა 200 ევრო.[3] ამ ექსპრესიული ქმედების აღკვეთისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება) მე-11 მუხლთან (შეკრების თავისუფლება) კავშირში.
ექსპრესიული ქმედება ყველაზე კარგად განვითარებულია ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში. ამ კუთხით აღსანიშნავია ტეხასი ჯონსონის წინააღმდეგ საქმე, რაც ეხებოდა 1984 წელს ტეხასის ქალაქ დალასში რესპუბლიკური პარტიის ყრილობის დროს ჩატარებულ აქციას. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აპროტესტებდა პრეზიდენტ რეიგანის პრეზიდენტობის კანდიდატად ხელახლა დასახელებას და დალასში დაფუძნებულ კორპორაციების პოლიტიკას. ამ მიზნით მომჩივანმა დაწვა ამერიკის შეერთებული შტატების დროშა. ამისთვის ჯონსონი გასამართლებული იქნა სისხლის სამართლის წესით. ჯონსონს შეეფარდა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.[4]
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ჯონსონი მსჯავრდებული იქნა დროშის დაწვით მისი შებღალვისათვის. დროშის დაწვა არის არა სიტყვა არამედ ქმედება. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ჯონსონის მიერ დროშის დაწვა წარმოადგენს თუ არა ექსპრესიულ ქმედებას, რაც დაცულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით. თუ ქმედება ექსპრესიულია, ამის შემდეგ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად ჰქონდა სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის უფლებამოსილება... აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება სიტყვა-სიტყვით კრძალავს „სიტყვის“ თავისუფლების დარღვევას, მაგრამ, დიდი ხნის წინ, სასამართლომ აღიარა, რომ პირველი შესწორების დაცვა არ ვრცელდება მხოლოდ ზეპირი და წერილობითი ფორმით გამოხატულ სიტყვებზე. მართალია, სასამართლომ უარყო მოსაზრება, რომ ყველა ქმედება შეუზღუდავად უნდა ყოფილიყო დაკვალიფიცირებული როგორც „სიტყვა,“ ამის მიუხედავად, როცა ადამიანი თავისი ქმედებით მიზნად ისახავს განსაზღვრული იდეების გამოხატვას, ეს ქმედება სათანადოდ გაჟღენთილი უნდა იყოს საკომუნიკაციო ელემენტებით, იმისათვის, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვის ქვეშ მოექცეს. იმის გადაწყვეტისას, ესა თუ ის ქმედება შეიცავს თუ არა სიტყვის თავისუფლების დაცულ სფეროში მოსაქცევად საკომუნიკაციო ელემენტს, უნდა გაირკვეს: ქმედების ჩამდენი პირი მიზნად ისახავდა თუ არა განსაზღვრული მესიჯის გაგზავნას და რამდენად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეს მესიჯი აღქმული ყოფილიყო იმ ადამიანების მიერ, ვინც ეს ქმედება იხილეს.” [5]
ამ ტესტის გამოყენებით აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ჯონსონის ქმედება მიიჩნია ექსპრესიულად და პირველი შესწორებით დაცულად, ვინაიდან რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა ყრილობამ საპრეზიდენტო კანდიდატად მეორე ვადით დაასახელა რონალდ რეიგანი და დროშის დაწვა ამ მოვლენის მიმართ პროტესტს გამოხატავდა. დროშა იყო ძლიერი იდეური სიმბოლო. ეს ქმედება საკმარისად იყო გაჟღენთილი საკომუნიკაციო ელემენტით. საბოლოოდ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პირველ და მეთოთხმეტე შესწორებასთან მიმართებაში შეუსაბამოდ სცნო ტეხასის შტატის ის ნორმა, რაც დანაშაულად აცხადებდა ეროვნული დროშის დაწვას.
ამგვარად, ხმაური შეიძლება იყოს ჟესტი, ექსპრესიული ქმედება, რითაც პოლიტიკური მოვლენის ან პოლიტიკოსის მიმართ პროტესტი გამოიხატება. ამგვარი ექსპრესიული ქმედების ჩადენა ადამიანების ჯგუფის მიერ საჯარო ადგილას, ექცევა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში.
ხმაურთან, როგორც ვერბალური გამოხატვის გარდაუვალ შედეგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქმე NAVALNYY v. RUSSIA. ამ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების 131-ე პუნქტში აღნიშნულია: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ დაახლოებით 500-მდე. ეს იყო უფრო მცირე რაოდენობა, ვიდრე მიტინგის სანქციით იყო ნებადართული. მომჩივანი ხმის გამაძლიერებლით მოუწოდებდა აქციის დანარჩენ მონაწილეებს, შეენარჩუნებინათ „შეკრების მშვიდობიანი ხასიათი.“ მართლაც, აქციის მონაწილეთა ქცევა იყო არაძალადობრივი. მომჩივანებმა დაიკავეს რეკრეაციული ზონა ისე რომ არ მოუხდენიათ არც გზის სავალი ნაწილის, არც ტროტუარების ბლოკირება. მომჩივანისა და სხვა დემონსტრანტების ხმაურმა გამოიწვია ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნა, თუმცა ეს ქმედებები არ სცილდებოდა მცირე დისკომფორტის ფარგლებს, რაც ჩვეულებრივ, თან სდევს საჯარო ადგილას მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებას.“[6] ამ აქციის დაშლისას რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია კონვენციის მე-11 მუხლი.
ამგვარად, ხმაური, როგორც პროტესტის გამოხატვის ექსპრესიული ფორმა, შეიძლება იყოს აქციის ჩატარების მიზანი. სხვა შემთხვევაში ხმაური არის ხმის გამაძლიერებლით გამოხატული ვერბალური გამოხატვის გარდაუვლად თანმდევი შედეგი. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრების უფლებით ხმაური ერთნაირად არის დაცული იმის მიუხედავად, ის არის პროტესტის მიზანი თუ ვერბალური გამოხატვის გარდაუვალი შედეგი. სადავო ნორმები არეგულირებენ რა ხმაურს საცხოვრებელ სახლთან ან სხვა საკუთრებასთან იჭრებიან შეკრების თავისუფლებით, ვინაიდან ზღუდავენ ამ ხმაურით სახლში მაცხოვრებელ პროტესტის ადრესატამდე დემონსტრანტების წუხილების მიტანის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ლაშმაკინი რუსეთის წინააღმდეგ საქმეში განაცხადა: საჯარო შეკრებები ტარდება იმ მიზნით, რომ მესიჯი გაუგზავნოს შესაბამის ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას. ამიტომ. ზოგადი წესის თანახმად, შეკრებამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ სამიზნე აუდიტორიამ დაინახოს შეკრების მონაწილეები და გაიგოს მათი ხმა[7](გადაწყვეტილების 317-ე პუნქტი). ამავე გადაწყვეტილების 405-ე პუნქტში აღნიშნულია:
„შეკრების თავისუფლება მოიცავს შეკრების ჩატარების დროის, ადგილის და მოქმედების მანერის არჩევის უფლებასაც, კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. სასამართლომ ხაზი გაუსვა, ორგანიზატორების ავტონომიას, განსაზღვრონ შეკრების ჩატარების ადგილი, დრო და მოქმედების მანერა, კერძოდ, ის შეკრება სტატიკური იყოს თუ მოძრავი ხასიათის, შეკრების მოთხოვნები სიტყვებით გამოიხატოს, ბანერებით თუ სხვა საშუალებით. ეს არის შეკრების თავისუფლების მნიშვნელოვანი ასპექტები. ამგვარად, შეკრების თავისუფლების მიზნები ხშირად დაკავშირებულია გარკვეულ ადგილთან და დროსთან, რაც იძლევა შესაძლებლობას, პროტესტის ადრესატმა დაინახოს დემონსტრანტები და მოისმინოს მათი ხმა იმ დროს, როცა მესიჯის ადრესატისთვის გადაცემა უფრო მძლავრი იქნება. ამის გამო, როცა შეკრების ჩატარების დრო და ადგილი არსებითად მნიშვნელოვანია დემონსტრანტებისათვის, ხელისუფლების მოთხოვნა, შეიცვალოს შეკრების დრო და ადგილი, წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში ისეთივე ჩარევას, როგორც სიტყვების, სლოგანების და ბანერების აკრძალვა.“[8]
ამგვარად, სადავო ნორმა არა მხოლოდ ხმაურით შეკრების ჩატარებას ზღუდავს, არამედ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა მიემართება შეკრების ჩატარების ადგილისაც - პოლიტიკოსის სახლს ან მის საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტს. იმის გათვალისწინებით, რომ შეკრების ჩატარების მანერის და ადგილის არჩევა დაცულია შეკრების თავისუფლებით, ხოლო სადავო ნორმა ზღუდავს შეკრების ისეთი მანერით ჩატარებას, რაც დაკავშირებულია დასაშვებ ნორმაზე მეტ ხმაურთან, ასევე ეს აკრძალვა მოქმედებს საცხოვრებელ სახლთან ან სხვა საკუთრებასთან, სადავო ნორმით ადგილი აქვს შეკრების თავისუფლებაში ჩარევას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. თუმცა, ზოგიერთი მიზნით შეკრება არ მიიჩნევა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულ სფეროდ. მაგალითად, შეკრება, რომლის მიზანიცაა კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან/და ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდება.
სადავო ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მოსარჩელეების მიერ გამართული შეკრება არის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვის ფარგლებს მიღმა. რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა დაადგინეს, რომ შეკრება, რომელიც იმართება საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან ან კერძო საკუთრებასთან და მიზნად ისახავს მასზე ზემოქმედების მოხდენას, რასაც თან ახლავს მისთვის დისკომფორტის შექმნა და შეწუხება, სცდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებიდან ერთი კონკრეტული მიზნით შეკრების ჩატარების უფლების გამორიცხვა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩარევას. აღნიშნული ჩარევის მიზნებისთვის უნდა შემოწმდეს, არის თუ არა კონსტიტუციური, შეკრების უფლებიდან საჯარო პირზე ზემოქმედების მიზნით მის სახლთან პროტესტის გამოხატვა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ურთიერთდაკავშირებული ხასიათის უფლებებია. „შეკრების (მანიფესტაციის) უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს (ძველი რედაქცია) იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ადამიანთა თავყრილობას (მსვლელობას), რომელიც მოკლებულია იდეას, არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარებას ან გავრცელებას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან. შეკრებას (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს, ეს განაპირობებს ბუნებრივ და არსებით კავშირს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის. ამ მხრივ კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებას წარმოადგენს. ამრიგად, საკანონმდებლო ნორმას, რომელიც შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების ფორმით აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, შეკრების (მანიფესტაციის) ადგილს, მის შინაარსს ან ფორმას უკავშირდება, კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან თანაბარი მიმართება შეიძლება ჰქონდეს.[9]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის 36-ე პუნქტში მიუთითა: „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ კი, მისი შინაარსობრივი რეგულირება, იმგვარი საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.“
ამასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 28-ე პუნქტში განაცხადა: „შინაარსობრივი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მკვეთრად შეზღუდულია.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის 29-ე პუნქტში აღნიშნულია: „ხელისუფლება შედარებით ფართო დისკრეციით სარგებლობს, როდესაც ის უფლების შეზღუდვის, მისი რეგულირების ფორმალურ საფუძვლებს არ სცდება და შინაარსობრივად ნეიტრალურ ნორმებს ადგენს.“
იმის გასარკვევად, რამდენად მკაცრად უნდა შეაფასოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება, უნდა დაგინდეს სახეზეა შინაარსობრივი რეგულირება თუ შინაარსობრივად ნეიტრალური დროსთან, ადგილთან და მანერასთან დაკავშირებული რეგულირება. სადავო ნორმა თითქოს უკავშირდება გამოხატვის მანერას, დასაშვებ ლიმიტზე მაღალ ხმაურს. ამის მიუხედავად, სადავო ნორმის შინაარსის უკეთ გაგების მიზნით, მხედველობაში უნდა მივიღოთ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ ამ ნორმის ავტორიტეტული განმარტება, რომლის მიხედვითაც, „ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით სოლიდარობის გამოხატვა, რა თქმა უნდა, შეფასდება შეკრებად, თუმცა პროტესტის საგანი ვერ გახდება ამა თუ იმ ადამიანის მიერ იმ უფლებებით სარგებლობა, რომლებიც ადამიანის არსებობის საფუძველს წარმოადგენს.“
ასევე გასათვალისწინებელია თავად სადავო ნორმის შენიშვნის მე-4 პუნქტი, რომელიც დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადამიანს პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს, თუ ამ ადამიანმა ხმაურის დასაშვებ ნორმას გადაამეტა, როცა სარგებლობდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე (ძველი რედაქცია) მუხლით აღიარებული უფლებით. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ავტორიტეტული განმარტებით, ადამიანი სარგებლობს შეკრების უფლებით, როცა ის ვინმეს საკუთრებასთან დასაშვებ ნორმაზე მეტად ხმაურობს სოლიდარობის და არა პროტესტის გამოსახატად. ამასთან ნებისმიერი ადამიანის საცხოვრებელ სახლთან დასაშვებ ნორმაზე მეტად ხმაური არ იწვევს სადავო ნორმით დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, თუკი ამ სახლთან ან საკუთრებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, იმართება დასვენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებები (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის შენიშვნის მე-4 პუნქტი).
ამგვარად, დასაშვებ ნორმაზე მეტად, ნებისმიერი ადამიანის სახლთან ხმაური არ იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მაშინ, როცა აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ 9 აპრილს, საქართველოს-რუსეთის ომის, სპიტაკის მიწისძვრის, ჩერნობილის ავარიის დროს დაღუპულ ადამიანებს. ამის საპირისპიროდ დასაშვებ ნორმაზე მეტად ხმაური პასუხისმგებლობას გამოიწვევს, როცა ეს ხმაური მიზნად ისახავს პოლიტიკოსზე გავლენის მოხდენას, მის მიმართ პროტესტის გამოხატვას. ამ შემთხვევაში კანონმდებლის მიდგომა ეფუძნება შეკრების თემატიკას. შეზღუდვების არსებობა უკავშირდება შეკრების ჩატარების თემატიკას. როდესაც სახელმწიფო ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ერთი თემატიკის აზრს ან ინფორმაციას და სანქციების დაწესებით გამოხატავს მტრულ დამოკიდებულებას სხვა შინაარსისა თუ თემატიკის მოსაზრების მიმართ, ეს არათუ შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულაციაა, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ნეიტრალიტეტის დარღვევა, არ ჩაერიოს, ყველა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიერ ერთმანეთისაგან განსხვავებული შინაარსის შეხედულებების გამოხატვისას.
დამატებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლი არ კრძალავს, მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ურეკში დამსვენებლების მიერ ღამის საათებში ღამის კლუბებით ხმაურის ემისიას, ასევე როკ-კონცერტის ჩატარებას, რაც ასევე დასაშვებ ნორმაზე მაღალ ხმაურთან არის დაკავშირებული. სადავო ნორმა ასევე არ ემუქრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს მერიასთან შეთანხმებით ჩაატარონ ისეთი ხმაურიანი სპორტული ღონისძიება, როგორიც ლელოა. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას ნება დართო, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა პირები გავლენიანი პოლიტიკოსის მიმართ პროტესტის გამოხატვის მიზნით ხმაურისათვის. როცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკავშირებულია აზრის გამოხატვის საგანზე, შინაარსზე, თემატიკაზე და სახელმწიფოს რეპრესიული ღონისძიება უარყოფითად მოქმედებს მხოლოდ განსაზღვრული ტიპის, შინაარსის გამოხატვაზე, ხოლო არ ვრცელდება სხვა ტიპის გამოხატვაზე, სწორედ ეს არის შინაარსობრივი რეგულირება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, იმაზე ნაკლები თავისუფლების ფარგლებს უტოვებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს, ვიდრე მათ ექნებოდათ შინაარსობრივად ფორმალური შეზღუდვების დაწესებისას. შეზღუდვა შინაარსობრივად ნეიტრალური იქნებოდა დასაშვებ დონეზე მაღალი ხმაურის აკრძალვა პროტესტთან ერთად სოლიდარობის შეკრებაზეც რომ ყოფილიყო გავრცელებული, ასევე ამ აკრძალვას მოეცვა სპორტული, დასასვენებელი და კულტურული ღონისძიებები. ასეთ შემთხვევაში ეს იქნებოდა გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივად ნეიტრალური, მანერის თვალსაზრისით დაწესებული ფორმალური შეზღუდვა, რაც სახეზე არ არის მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სახელმწიფო ცალკეულ თემატურ მოსაზრებას ხელსაყრელ მდგომარეობაში აქცევს, სხვაგვარ მოსაზრებას ეპყრობა მტრულად.
შესაბამისად, სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა არის შინაარსობრივი რეგულაცია და საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს მკაცრად, პარლამენტისათვის ნაკლები დისკრეციის მინიჭების გზით.
5. ლეგიტიმური მიზანი
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: „ვინაიდან კონსტიტუციის 24-ე მუხლი(ძველი რედაქცია) შეკრების (მანიფესტაციის) ფორმით აზრის გამოხატვასაც მოიცავს, ამ ფარგლებში 24-ე და 25-ე მუხლებით დაცული უფლებების შინაარსი და მათი შეზღუდვის საფუძველი იდენტური შეიძლება იყოს. შესაბამისად, შეკრების (მანიფესტაციის) უფლების შემზღუდველი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი კონსტიტუციის 24-ე მუხლით (ძველი რედაქცია) დაწესებული სტანდარტით შეიძლება შეფასდეს.
თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოთვლის იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია გაამართლოს უფლებაში ჩარევა. მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება;
ბ) ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა;
გ) სხვათა უფლებების დაცვა;
დ) კონფიდენციალურად დაცული ინფორმაციის თავიდან აცილება;
ე) სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად სახელმწიფომ შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში, თანაზომიერების ტესტის მოთხოვნების შესაბამისად შეზღუდოს აღნიშნული უფლება ღირებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
რაიონული და სააპელაციო სასამართლოს დადგენილებების, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-ე მუხლის განმარტებითი ბარათის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსის არსებობის ლეგიტიმურ მიზანს სხვათა უფლებების დაცვა წარმოადგენს. კერძოდ, სადავო ნორმატიული შინაარსის არსებობის პირობებში გამორიცხულია ისეთი შეკრება, რომელი იწვევს ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევას და იმ პირთა შეწუხებას, ვის მიმართაც ისაა მიმართული. ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საკუთრების უფლებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისაგან დაცვა. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის დაცვით მიიღწევა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ან/და საცხოვრებელ სახლში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ჯანმრთელობისთვის უვნებელია და არ აზიანებს პირის საკუთრებას.
მოსარჩელის პოზიციით, საკუთრების უფლების დაცვა და უვნებელ გარემოში ცხოვრების გარანტირების უზრუნველყოფა, აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის მიზნებისთვის ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ამის მიუხედავად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობისთვის „აუცილებელია არსებობდეს ლოგიკური კავშირი საკანონმდებლო რეგულირებასა და მისაღწევ მიზანს შორის“, ასევე შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული საშუალება[10].
6. გამოსადეგობა
თანაზომიერების ტესტის შეფასების ამ ეტაპზე უნდა შეფასდეს რამდენად არის შეზღუდვა მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა ლოგიკური კავშირი მიზანსა და საშუალებას შორის.
სადავო ნორმა ზღუდავს ისეთი შეკრების ჩატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო პირზე ზემოქმედების მოხდენას და აღნიშნული შეკრების გამართვის ადგილი კი წარმოადგენს ასეთი პირის კერძო საკუთრებას ან საცხოვრებელ სახლს. ამასთან, აღნიშნული შეკრება დისკომფორტს უქმნის და აწუხებს იმ პირს, რომლისკენაცაა მიმართული თავად შეკრება. ლეგიტიმურ მიზანს კი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვა და ამგვარად, მესაკუთრისთვის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შექმნა.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნულ შემთხვევაში არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმატიულ მიზანსა და სადავო ნორმატიული შინაარსით დაწესებულ შეზღუდვას შორის, რადგან შეკრების უფლებიდან სადავო ნორმატიული შინაარსის გამორიცხვით, მართლაც, მიიღწევა საჯარო პირის საკუთრების დაცვა და მისთვის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შექმნა. აღნიშნულის მიუხედავად, უნდა შეფასდეს რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმა აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს.
7. აუცილებლობა
თანაზომიერების ტესტის აღნიშნულ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, უნდა შემოწმდეს რამდენად საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად უფლების ამგვარი ფორმით შეზღუდვა და ხომ არ შეიძლებოდა იგივე მიზანი იგივე ეფექტურობით მიღწეულიყო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით.
კერძო საკუთრება მოიცავს რამდენიმე უფლებრივ კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთია მისით სარგებლობის უფლება. მესაკუთრის უფლებაა, ისარგებლოს მისი კერძო საკუთრებით მესამე პირების ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად. საკუთრების უფლება მესაკუთრეს აღჭურავს უფლებით, ყველა მესამე პირს აუკრძალოს მის საკუთრებაზე ისეთი ზეგავლენის მოხდენა, რომელიც სცდება სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას. სხვა სიტყვებით, მესაკუთრის უფლებას - ისარგებლოს საკუთრებით, და საზოგადოების ვალდებულებას - არ შეუშალოს ხელი მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობაში, შორის არსებობს კორელატიური ურთიერთმიმართება. კერძო პირის უფლებასა და საზოგადოების კორელატიური ვალდებულების თანადროულად სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს კორელატიურ ცვლადებს შორის ბალანსის შენარჩუნება. საკუთრების უფლებიდან მომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, საკუთრების უფლებით ჯანმრთელობისთვის უვნებელ სარგებლობასა და, მეორე მხრივ, საზოგადოების ინტერესს შორის - განახორციელოს კერძო პირის საკუთრებაზე ინტერვენცია.
ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმატიული შინაარსის არსებობა წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას, რითაც მიიღწევა ლეგიტიმური მიზანი და ამასთან, არ არსებობს ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით უზრუნველყოფდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. თავად სადავო ნორმის რეგულირების სფეროში არ ექცევა, ისეთი გამოხატვა, როგორიცაა სოლიდარობის, დასვენების, სპორტული, კულტურული ღონისძიება, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან არის შეთანხმებული. ამ თვალსაზრისით შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვა არ არის ბლანკეტური, შესაბამისად, ის არის ნაკლებად მზღუდავი. ამის მიუხედავად, თანაზომიერების ტესტის ბოლო საფეხურზე უნდა შემოწმდეს რამდენად არის აღნიშნული საშუალება უფლების შეზღუდვის თანაზომიერი. ამასთან ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის ნაკლებად მზღუდავი საშუალება.
8. პროპორციულობა
თანაზომიერების ტესტის აღნიშნულ ეტაპზე უნდა შეფასდეს სადავო ნორმატიული შინაარსით დადგენილ შეკრების უფლების შეზღუდვასა და პირის კერძო საკუთრების დაცვის ინტერესს შორის რამდენად არსებობს გონივრული ბალანსი.
საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, ერთი მხრივ, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებისა და, მეორეს მხრივ, იმ უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დაცვა, რომელიც დაკავშირებულია შეკრების ჩატარების ადგილას მცხოვრები და მომუშავე ადამიანების უფლებებთან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Stankov and the United Macedonian Organisation Ilinden v. Bulgaria მიღებულ გადაწყვეტილების 86-ე პუნქტში განაცხადა: „გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი საფუძველი, ამგვარი საზოგადოების პროგრესისა და ადამიანის თვითგანვითარების აუცილებელი პირობა. გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შეზღუდვების გათვალისწინებით, იცავს არა მარტო ისეთ იდეასა და ინფორმაციას რასაც დადებითად იღებს საზოგადოება ან რაც უმტკივნეულო და უინტერესოა, არამედ ისეთ ინფორმაციასა და იდეასაც, რაც შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი და შემაწუხებელია. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობის და აზრთა მრავალფეროვნების მოთხოვნები, რომლის გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება.“ [11]
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეშიKUDREVIČIUS AND OTHERS v. LITHUANIA მიღებული გადაწყვეტილების 145-ე პუნქტში განაცხადა: „კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლება იცავს ისეთ დემონსტრაციას, რამაც შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოს საპირისპირო იდეების და მოთხოვნების მქონე ადამიანები. გარდა ძალადობისკენ მოწოდებისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფისა, ნებისმიერი სხვა ჩარევა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, რამდენადაც შოკისმომგვრელად და მიუღებლადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ხელისუფლებას შეკრებაზე გაჟღერებული სიტყვები და მოსაზრებები, ცუდ სამსახურს უწევს დემოკრატიას და ხშირად საფრთხესაც უქმნის მის არსებობას.“[12] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში NAVALNYY v. RUSSIA მიღებული გადაწყვეტილების 155-ე პუნქტში განაცხადა: „საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება, განსაზღვრულ დონეზე, გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმის დარღვევა... ეს ფაქტი არ არის საკმარისი შეკრების თავისუფლებაში ჩარევის გასამართლებლად. მნიშვნელოვანია, საჯარო ხელისუფლებამ მოთმინება გამოავლინოს ასეთი შემთხვევების მიმართ. ხელისუფლების მოთმინების ფარგლები ვერ განისაზღვრება აბსტრაქტულად. ამ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „ჩვეულებრივი ცხოვრების“ შეფერხების ფარგლები.“[13] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმის შეფასებისას, თუ რა ფარგლებში ფერხდება ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმი დემონსტრაციის შედეგად, დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა საქმეზე LASHMANKIN AND OTHERS v. RUSSIA. ამ გადაწყვეტილების 461-ე მუხლში დარღვევის დადგენის მიზეზი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შემდეგნაირად ახსნა: „შეკრების მონაწილეთა დაშლა და დაკავება ხდებოდა შეკრების დაწყებიდან ძალიან მცირე დროის გასვლის შემდეგ. ამით ხელისუფლება ამჟღავნებდა მოუთმენლობას, დაესრულებინა საჯარო ღონისძიება, ვიდრე შეკრების მონაწილეები შეძლებდნენ, საჭირო დროის განმავლობაში, მათი პროტესტის მიზეზის გამოხატვას და მათ წუხილებთან დაკავშირებით მიიპყრობდნენ საზოგადოების ყურადღებას.“[14]
საჭიროა განისაზღვროს, მშვიდობიანი შეკრების უფლება სცდება თუ არა კონსტიტუციით დაცულ ფარგლებს და არღვევს თუ არა სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს. როდესაც შეკრებას თან ახლავს სხვათა უფლებებში ჩარევა, გათვალისწინებული უნდა იყოს ისიც, რამდენ ხანს გრძელდება შეკრებისა და მანიფესტაცია, შესაბამისად, რა ინტენსივობისაა სხვათა უფლებებში ჩარევა. თუ შეკრებისა და მანიფესტაციიდან მომდინარე ხმაური დიდხანს გრძელდება, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს საკუთრების უფლების დაცვას. თუ შეკრებიდან მომდინარე ხმაური გონივრულ ვადაში მთავრდება, ისე რომ დემონსტრანტებს ამ დროის განმავლობაში ჰქონდათ მათი მესიჯის ეფექტური გაგზავნის შესაძლებლობა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შეკრების თავისუფლებას, საკუთრების უფლებასთან მიმართებაში.
განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხება საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, რომელის მიზანიცაა მასზე ზეგავლენის მოხდენა. პროტესტის მიზნით შეკრების გარდაუვალ მოჰყვება პროტესტის ადრესატისათვის დისკომფორტის შექმნა და შეწუხება. პირის საზოგადოებაში არსებული სტატუსი (საჯარო პირი, კერძო პირი) მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრისას თუ რა მოცულობით არსებობს მის მიმართ საჯარო ინტერესი. საჯარო ინტერესის ტესტის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ რა სტატუსითაა პირი ცნობილი საზოგადოებაში და ასევე იმას თუ რა საჯარო ფუნქციებს ასრულებს იგი. საჯარო პირები, როგორიცაა პოლიტიკოსები, ცნობილი პირები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, უნდა იყვნენ მზად, მოითმინონ ფართომასშტაბიანი ინტერვენცია მათ პირად ცხოვრებაში, ვიდრე კერძო პირები. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონკრეტული პირის მიმართ არსებული საჯარო ინტერესი საზოგადოებას არ აძლევს უფლებას პირის პირად ცხოვრებაში განუსაზღვრელი ინტენსივობით ჩაერიოს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე CASE OF UKRAINIAN MEDIA GROUP v. UKRAINE მიღებული გადაწყვეტილების 39-ე პუნქტში განაცხადა: „სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოების მიერ კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებით საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე პოლიტიკური სიტყვის და დებატების შეზღუდვისას დისკრეციის ფარგლები ვიწროა. უფრო მეტიც, დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პოლიტიკოსების მიმართ უფრო ფართოა ვიდრე კერძო პირების მიმართ. საჯარო პირები, გარდაუვლად და გააზრებულად, საკუთარი სიტყვებით და საქციელით იპყრობენ ჟურნალისტების და ფართო საზოგადოების ყურადღებას. ამის გამო, პოლიტიკოსებმა უნდა გამოამჟღავნონ თმენის ვალდებულების მაღალი ხარისხი. პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, აქვთ რეპუტაციის დაცვის უფლება მაშინაც კი როცა მოქმედებენ, როგორც კერძო პირები, მაგრამ ეს ინტერესი უნდა დაბალანსდეს პოლიტიკურ საკითხზე ღია დისკუსიის დაცვის ინტერესით.“[15]
პოლიტიკოსის სტატუსი ზრდის პირის თმენის ვალდებულების ფარგლებს და ამასთან, საზოგადოებას უხსნის გზას, პირის კერძო ცხოვრებაში უფრო მეტად შეიჭრას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, სადაც ერთ-ერთ დავის საგანს წარმოადგენდა იმის განსაზღვრა კონსტიტუციური იყო თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც მოსარჩელეებს უკრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი მხრივ, საზოგადოების უფლებას, გაეკრიტიკებინათ მისი გადაწყვეტილებები და, მეორე მხრივ, მოსამართლის კერძო საკუთრებას და პირად ცხოვრებას შორის გონივრული ბალანსი მეორის სასარგებლოდ განმარტა. სასამართლოს მოსაზრებით, „მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით აზრის გამოხატვა კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. როგორც საჯარო პირს, მოსამართლეს თმენის ვალდებულება მართლაც გააჩნია, რამდენადაც მისი საქმიანობის კრიტიკა, მის პროფესიულ, თუ პირად თვისებებზე მსჯელობა საზოგადოებრივი ინტერესით შეიძლება იყოს განპირობებული. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მოსამართლის მხრიდან თმენის ვალდებულების ისეთივე სტანდარტი მოქმედებს, როგორც სხვა საჯარო პირის მხრიდან არის დადგენილი. საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან განსხვავებით, მოსამართლის პროფესიული და, მით უფრო, პირადი საქმიანობა მეტად არის დაცული, ვინაიდან ის შეზღუდულია შესაძლებლობაში, საკუთარი პოზიციის დასაცავად საჯარო-პოლიტიკური ხასიათის დებატებში ჩაერთოს.”[16]
აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და განსახილველ საქმეს შორის განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ ერთ შემთხვევაში, შეკრების ადრესატს წარმოადგენს მოსამართლე, ხოლო მეორე შემთხვევაში პოლიტიკოსი, ხოლო სასამართლოს განმარტებით, მათ მიმართ არსებული თმენის ვალდებულება განსხვავებულია და პოლიტიკოსებს უფრო მაღალი თმენის ვალდებულება გააჩნიათ, შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, განსხვავებული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც აღნიშნულ საქმესთან მიმართებით.
შეკრების ჩატარებისას საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიის შერჩევის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკოსის როგორც პროტესტის ან სოლიდარობის ადრესატის კერძო სფეროსთან მაქსიმალური მიახლოვება. ასეთ პირობებში იზრდება იმის შანსი, რომ საზოგადოებრივ პროტესტს მოჰყვეს რეალური შედეგი, აღნიშნულ მოლოდინს კი ის გარემოება ქმნის, რომ პოლიტიკოსზე ზემოქმედება ხდება მის კერძო სფეროში შეჭრით. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, პოლიტიკოსების მიმართ მსგავსი შეკრების ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება მათი საქმიანობის მიმართ და, გამოხატვის მსგავსი უკიდურესი ფორმით, საჯარო ინტერესის სფეროში არსებულ საკითხზე კონკრეტულ პოლიტიკოსი დაარწმუნონ საკუთარი პოზიცია/ქმედების სიმცდარეში და შეაცვლევინონ ის. მოსამართლეებისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ მათ წინააღმდეგ მიმართულ საჯარო დისკუსიაში და თავიანთი აზრის დაფიქსირებით შეძლონ საპროტესტო ტალღის შენელება. სწორედ აღნიშნული გარემოება განაპირობებს შეზღუდვის პროპორციულობაზე მსჯელობისას გონივრული ბალანსის შეკრების თავისუფლებისკენ გადახრას. ამასთან ხმის გამაძლიერებლებით უხეში ზემოქმედება პოლიტიკოსის პირად ცხოვრებაზე შეიძლება დაბალანსდეს ასეთ შეკრებაზე დროის და პროტესტის მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე დაწესებული შეზღუდვით, ისევე როგორც ეს ხდება კულტურულ, სპორტულ, და დასვენების ღონისძიებასთან მიმართებაში, რომელიც ასევე მოიცავს ხმაურს საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ დღის საათებშიც და რაზედაც სადავო ნორმა არ ვრცელდება. შესაძლოა სადავო ნორმამ გაითვალისწინოს პოლიტიკოსის სახლთან დღის საათებში ან ღამის 12 საათამდე შეკრების ჩატარების შესაძლებლობა დასაშვებ ხმაურის გადაჭარბებით. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმა როგორც დღის, ისე ღამის საათებში კრძალავს ხმაურს მათ შორის პოლიტიკოსის სახლის მიმდებარედ იმის მიუხედავად, რამდენ ხანს გრძელდება პროტესტის მიზნით ეს ხმაური. ამით კი ბალანსი საზოგადოების უფლებას, ხმა მიაწვდინოს პოლიტიკოსს და პოლიტიკოსის პირად ცხოვრებასა და საკუთრებას შორის დარღვეულია ამ ორი უკანასკნელი უფლების სასარგებლოდ.
ამასთან შეკრების ჩატარების ადგილი ხშირად კრიტიკულად აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებამ ხმა მიაწვდინოს კონკრეტულ პოლიტიკოსს. საცხოვრებელ ადგილი კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის წუხილების პოლიტიკოსთან მისატანად ყველაზე ეფექტურია. იმისათვის, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ერთმანეთს ხმა მიაწვდინონ, ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. აღნიშნულმა სასამართლომ საქმეზე LASHMANKIN AND OTHERS v. RUSSIA. კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლება) დარღვევა დაადგინა შემდეგი მიზეზით: „სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ „საჯარო ღონისძიების შესახებ“ რუსეთის კანონი არ მოითხოვდა იმას, რომ შეკრების ორგანიზატორების მიერ არჩეული შეკრების ჩატარების ადგილის და დროის ნაცვლად ხელისუფლების მიერ შეთავაზებული შეკრების ჩატარების დრო და ადგილი იმგვარი ყოფილიყო, რომ შეკრების მესიჯის ადრესატამდე გაგზავნა ყოფილიყო შესაძლებელი. მართალია, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებისათვის შეთავაზებული ალტერნატიული ადგილი და დრო შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო შეკრების მიზნებთან, ამის მიუხედავად, ამ საქმეში არსებული ფაქტების ანალიზი მიუთითებს იმაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუქციას არ მისდევდნენ ადმინისტრაციული ორგანოები პრაქტიკაში. მართლაც, უამრავ შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ადგილები მდებარეობდა ქალაქის ცენტრიდან გარეთ, მთავრობის მოხელეებისაგან შორს, ისეთ ადგილებში, სადაც შეზღუდული რაოდენობის ადამიანები იკრიბებოდნენ. ამის გამო შეკრების სამიზნე აუდიტორიას არ ჰქონდა პროტესტის მონაწილეთა დანახვის და მათი ხმის გაგონების შესაძლებლობა. ევროპული სასამართლო თვლის, პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებას უფლება აქვს, აქციის ჩატარება ისეთ ადგილას დაუშვას, რაც შეუძლებელს ხდის იმას, რომ პროტესტის ადრესატმა დაინახოს დემონსტრანტები, გაიგონოს მათი ხმა, როცა ადგილთან დაკავშირებული შეზღუდვა იწვევს პროტესტის შეფერხებას, ასეთი შეზღუდვები შეუთავსებელია ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან.“[17]
სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ხელს უშლის დემონსტრანტებს, ვიზუალურად ხილვადი გახდნენ მათი პროტესტის ადრესატისათვის, ისევე როგორც დემონსტრანტებს არა აქვთ შესაძლებლობა მათი პროტესტის ხმა მოასმენინონ პოლიტიკოსს, რომელიც ცხოვრობს კონკრეტულ საცხოვრებელ ადგილას ან ისეთ ადგილას, რაც ამ პოლიტიკოსის საკუთრებას წარმოადგენს. ამით მნიშვნელოვნად სუსტდება შეკრების უფლების ეფექტი. პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლთან ან მის საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტთან დემონსტრაციის ჩატარება ხშირად ერთადერთი საშუალებაა მაშინ, როცა პოლიტიკოსს სამუშაო სივრცე ან პარტიული ოფისი არ გააჩნია და დროის დიდ ნაწილს საცხოვრებელ სახლთან და მის საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტთან ატარებს.
შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას საერთო ექსპრესიული მიზნები გააჩნია და მიზნად ისახავს ისეთი მესიჯის გაგზავნას, რომელიც ადრესატს დაარწმუნებს/შეაცვლევინებს პოზიციას. შეკრების უფლების შინაარსობრივი შეზღუდვების მიმართ უნდა არსებობდეს მაღალი ზღვარი და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც არსებობს ძალადობის აშკარა და მყისიერი საფრთხე. იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკოსის საცხოვრებელ სახლთან ან კერძო საკუთრებასთან ხდება შეკრება, და შეკრება თავისი ფორმითა და შინაარსით არის მშვიდობიანი, მოსარჩელეთა აზრით, მსგავსი შეკრების შეკრების უფლებიდან გამორიცხვა არაპროპორციული ხასიათისაა და არ არსებობს გონივრული ბალანსი დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის~, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს კონსერვატიული პარტია~, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4.
[2] http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57675
[3] FÁBER v. HUNGARY მე-5 პუნქტი
[4]https://www.law.cornell.edu/supremecourt/text/491/397
[5]https://www.law.cornell.edu/supremecourt/text/491/397
[6]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-187605
[7]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-170857
[8]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-170857
[9] იქვე., II-3.
[10] საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე, დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-63.
[11]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-59689
[12]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-158200
[13]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-187605
[14]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-170857
[15]http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-68648
[16] იხ. მითითება 1., II-67.
[17] LASHMANKIN AND OTHERS v. RUSSIA გადაწყვეტილების 426-ე პუნქტი http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-170857
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა