გიორგი კლდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 1518 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | გიორგი კლდიაშვილი |
თარიღი | 23 ივნისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 2875.35 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა-მოყვანისთვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. | საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის მეორე პუნქტი: დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
მოსარჩელე გიორგი კლდიაშვილს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განაჩენით (საქმე #1/276-2019) მიესაჯა თავისუფლების აღკევათა 6 წლის ვადით.
მოსარჩელე სასჯელს იხდის სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით (2875.35 გრამი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის დათევსა-მოყვანისთვის.
მოსარჩელე დღემდე იხდის სასჯელს რუსთავის #16 დაწესებულებაში.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის მე-9 მუხლის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის თანახმად მე-17 მუხლი) მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში, რომლის მიხედვითაც აკრძალულია და დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ამგვარ სასჯელად, მათ შორის, მოიაზრებს პასუხისმგებლობის ისეთ ზომას, რომელიც ახდენს ადამიანის ინსტუმენტალიზაციას. სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არის ე.წ. ,,სანიმუშო სასჯელი’’, რომელიც ერთადერთ მიზანს, ზოგად პრევენციას ისახავს.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავო სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
სარჩელი შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის 313 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები
· წარმოდგენილია კანონით დაგენილი ფორმით;
· შემოტანილია უფლებამოსული სუბიექტის მიერ, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული მსჯელობა;
· მასში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართოს განსჯადი საკონსტიტუციო სასამართოს შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამსიად;
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართოს მიერ;
· სადავო საკითხს შეეხება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე;
აღნიშნული სარჩელის ტიპზე კანონმდებლობით ვადა არ არის დადგენილი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სისხლის სამართლის კანონმდებლობა კანაფის დათესისა და მოყვანის შესახებ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მიხედვით ინკრიმინირებულად ცხადდება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
ნარკოტიკული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების ჩამონათვალს, ისევე როგორც მათი დათესვისა და მოყვანის ცნებებს, განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც ,,დათესვა’’ ნიშნავს ,,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის თესლის ბუნებრივ ან ხელოვნურ ნიადაგში შეტანას, ან მცენარის ნერგის დარგვას მიწის ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის, აუთვისებელ მიწაზე, აგრეთვე ხელოვნურ ან/და საოჯახო პირობებში.’’ ხოლო ,,მოყვანა’’, ეს არის ,,დათესილი და დარგული მცენარის [...] მოვლა მათი ფიზიოლოგიური სიმწიფის ფაზის მიღწევის მიზნით’’. რაც შეეხება თავად მცენარეს. იმავე კანონის პირველი დანართი განსაზღვრავს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა შორის არის კანაფი.
დანართის 82-ე ჰორიზონტალურ გრაფაში მითითებულია, რომ კანაფად ჩაითვლება ,,მცენარე კანაფის წვეროები ყვავილებით და ნაყოფით (ფოთლებისა და თესლების გარდა, რომელთაც თან არ ახლავთ მცენარის წვეროები), თუ მათგან არ არის გამოყოფილი ნებისმიერი დასახელების ფისი’’.
ღირსებისშემლახავი სასჯელის აკრძალვა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით მე-17 მუხლი) მე-2 პუნქტი ადამიანს იცავს ღირსებისშემლახავი სასჯელებისგან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს პრაქტიკის მიხედვით ასეთად ჩაითვლება სასჯელი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედებისთვის პირს დააკისრებს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით: ,,აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე. პ.25).
ამდენად სისხლისსამართველბრივი პასუხისმგებლობა, რომლის პროპორციულობას სახელმწიფო ვერ დაამტკიცებს, ისევე როგორც საერთოდ ქმედების ინკრიმინირებას, ეწინააღდეგება ადამიანის ღისებას და წინააღმდეგობაში მოდის მე-17 მუხლის (დღევანდელი რედაქციით მე-9 მუხლი) მე-2 პუნქტთან, როგორც აბსოლუტური უფლების დამდგენ ნორმასთან.
3. კანაფის დათესვა/მოყვანის კონსტიტუციურობა
იმისათვის, რომ სასჯელის პროპორციულობა დადგინდეს საჭიროა განისაზღვროს სასჯელის მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში ჩარევა რაც ამავდროულად უფლების დარღვევას ნიშნავს, რადგან საქმე აბსოლუტურ უფლებასთან გვაქვს. იგულისხმება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს კანაფის დათესვა ან მოყვანა, რადგან მისგან ნარკოტიკული საშუალება მზადდება. ამ ნარკოტიკული საშუალების მომყვანის მიერ მოხმარების აღკვეთას ცდილობს კანონმდებელი.
ამ შემთხევაში სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პირველი მიზანი არ არის აქტუალური რადგან მესამე პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი პირის მიერ ნარკოტიკების მოხმარებით არ წარმოიშობა. მით უმეტეს იმ პირობებში, რომ ის პროდუქტი, რომელსაც მცენარე კანაფის გამოშრობით ვიღებთ - ანუ მარიხუანა, ლეგალურია (2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე -ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ).
ამდენად სამართლიანობის აღდგენას მოცემულ მომენტში, როგორც სასჯელის მიზანს ვერ გამოვიყენებთ. ასევე არ არსებობს მესამე მიზანი, რადგან პირი ასოციალურ ქმედებას ჩადის არა იმიტომ, რომ თავისთავად ქმედებაა ასოციალური, არამედ იმიტომ რომ კანონმა ის ასეთად გამოაცხადა, რადგან მიუხედავად მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციისა, კანონმდებელმა არ შექმნა არც ერთი ლეგალური გზა ადაიანმა განახორციელოს საკუთარი კონტსტიტუციური უფლების რეალიზება. ამიტომ, საკუთარი უფლების რეალიზებისთვის ის იძულებულია ჩაიდინოს დანაშაული. მეტიც, უფლების რეალიზებას, ისე რომ სხვას არავის არ აყენებს ზიანს, შეიძლება გამოიწვიოს მისი თავისუფლების აღკვეთა.
ქმედება, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, სხვას არ აყენებს ზიანს თავისთავად არ იქნება ასოციალური, რადგან ის ავტონომიური და საერთოდ არ მიემართება საზოგადოებას, მაშინ როცა ქმედება ასეთად (ასოციალურად), მაშინ იქცევა როდესაც ის შემხებლობაში მოვა საერთოსთან. რაც შეეხება მეორე მიზანს, ის შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად ზოგადი და კერძო პრევენცია. კერძო პრევენცია მოცემულ შემთხვევაში ვერ აღწევს საკუთარ მიზნებს. საბოლოოდ, სადავო ნორმა მხოლოდ ერთადერთ, ზოგად პრევენციის მიზანს მიემართება. აღნიშნული ქმედების ინკრიმინირების მოტივი სხვების დაშინებაა, კონკრეტული სამართადამრღვევის სამაგალითო დასჯა, რათა სხვებმაც იგივე არ ჩაიდინონ.
კონსტიტუციასთან მთავარი წინააღმდეგობა სწორედ აქ წარმოიშობა: ,,არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. ანუ მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, პ.52).
რაც შეეხება თავად მცენარე კანაფის დათევა/მოყვანის აკრძალვის მიზანს. ეს მიზანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაა. მაგრამ ამ მიზანის მისაღწევად, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს აყენებს ზიანს, შეუძლებელია გამოვიყენოთ სასჯელი, მით უმეტეს ისეთი როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა. სადავო ნორმა არ მიუთითებს მომყვანის მიზანზე რეალიზაცია გაუკეთოს კანაფს, ამდენად შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ პირს მცენარე პირადი მოხმარების მიზნებისთვის მოჰყავს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, ,,კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, პ.84).
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა შეიძლება იყოს მიზანი სანქციის, თავისუფლების აღკვეთა მაინც გაუმართლებელია, რადგან მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის ან კულტივირების საბოლოო შედეგი შეიძლება ის იყოს, რომ ადამიანმა მოიხმაროს მარიხუანა, რომლის მოხმარებაც ლეგალურია. სხვა შემთხვევაში, კანაფის გაზრდის აკრძალვა უბრალოდ მცენარესთან ბრძოლა გამოდის, რაც არ შეიძლება წარმოადგენდეს ლეგიტიმურ მიზანს.
„აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვიდან ამოღება არ წარმოადგენს სახელმწიფოს თავისთავად, თვითკმარ მიზანს. „ამა თუ იმ ნივთიერების/საშუალების თავისუფალი ბრუნვიდან ამოღების ამოცანა თავისთავად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად. მარიხუანის, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია კონსტიტუციით დაცული სიკეთის - ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა უკავშირდებოდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73).
რაც შეეხება კანაფის დათესვა/მოყვანით სავარაუდოდ განპირობებულ საფრთხეებს მესამე პირების/საზოგადოების მიმართ, - აქ ასევე ორი საკითხი უნდა გამოიყოს: ა) არ არსებობს სარწმუნო მონაცემი, რომლის მიხედვითაც კანაფის მოხმარება იწვევს სხვა დანაშაულის ჩადენას/ზრდას. ბ) სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარიხუანის კანაფის დათესვა/მოყვანა, თუნდაც განსაკუთრებით დიდი, სადავო ოდენობისა (2875.35 გრამი) თავისთავად არ შეიცავს მისი გავრცელების, შესაბამისად, სხვების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. სულაც რომ მცენარე კანაფი მოხვდეს ადამიანების ხელში, ანუ რიზი შეზღუდვის მიზანიც შეიძლება ჰქონდეს კანონმდებელს დასახული, ლეგალურია.
გარდა ამისა სადავო ნორმის პრობლემას წარმოადგენს, რომ (1) სასჯელი, რომელიც მან განსაზღვრა, თანაბრად მიემართება ყველა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა/მოყვანას, მაშინ როცა ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. (2) ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი არ იძლევა გამიჯვნის შესაძლებლობას მარიხუანას დათესვა/მოყვანის პირადი მოხმარების მიზანსა და რეალიზაციის მიზანს შორის, ზოგადად ადგენს პასუხისმგებლობას. აღნიშნული კი წარმოადგენს სასჯელის არაკონსტიტუციუტობის მიმანიშნებელ გარემოებას (ბექა წიქარიშვილის საქმე, პ. 98).
ყველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის კრიტერიუმს, პრობლემურია რა მისი როგორც ლეგიტიმური საჯარო მიზნები და გამოსადეგობა, ასევე აუცილებლობა, მხოლოდ მესამე პირებზე ეფექტისკენ მიმართულ სასჯელს, ამავდროულად არის ბლანკეტური ხასიათის, ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა