საერთაშორისო ურთიერთობები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ

4 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ. ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის „საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP)“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს მაღალი დონის შეხვედრებს უზენაეს სასამართლოში, ფედერალური სასამართლოების, სახელმწიფო დეპარტამენტისა და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნობიან ფარული მიყურადებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემას აშშ-ს ფედერალურ, შტატისა და ადგილობრივ დონეებზე. კერძოდ, შეხვედრათა ფარგლებში განიხილება აშშ-ში მოქმედი ფარული მიყურადებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომწესრიგებელი კანონმდებლობა; ფარული მიყურადების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა სამართალდამცავი ორგანოების მიერ; სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს შორის შიდა და გარე ინფორმაციის გაზიარების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პროტოკოლი; განსხვავება მიყურადებასა და დაზვერვას შორის; სასჯელაღსრულების, განათლებისა და საბანკო სექტორებში პერსონალური მონაცემების არასანქცირებული გამოყენებისა და გავრცელების პრევენციის პროტოკოლი.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ვაშინგტონში, ლიტლ-როკში, ატლანტასა და ბოსტონში. სამუშაო ვიზიტი 25 აგვისტოს დასრულდება.