საერთაშორისო ურთიერთობები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმში

2021 წლის 27 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმში: “ინტერნეტის ერა: კანონის უზენაესობა, ინდივიდის ღირებულებები და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა”, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესა და კონსტიტუციის დღეს მიეძღვნა.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარე კაირატ მამიმ, ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.

სიმპოზიუმი სამი სესიისგან შედგებოდა და დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეროვნული სუვერენიტეტი და გაციფრულების პროცესი, ადამიანის უფლებები ინტერნეტში, სახელმწიფო ორგანოების მოვალეობები საზოგადოებისა და ინდივიდის მიმართ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები ევროპისა და აზიის უმაღლესი ეროვნული სასამართლოებიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.