საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3 სექტემბერს სეულში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა, ხოლო კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით სასამართლოს თავმჯდომარემ ლი ჩინსუნმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საკონსტიტუციო კონტროლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო-კვლევით სფეროში თანამშრომლობას და ორმხრივი ვიზიტების განხორციელებას.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ ტუღუშისა და სასამართლოს წევრის ირინე იმერლიშვილის შემადგენლობით კორეის რესპუბლიკას სტუმრობს. დელეგაცია კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

კორეელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ პატივისცემა გამოხატა კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისადმი და ყურადღება გაამახვილა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, თეიმურაზ ტუღუშმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელით კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით ბათუმში მოიწვია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი 5 სექტემბერს დასრულდება.