სიახლეები

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) დელეგაციის ვიზიტი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) დელეგაცია იმყოფებოდა.

სტუმრებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ ტუღუშმა, სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძემ და სასამართლოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ირინა ხახუტაიშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობას. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დელეგაციას გააცნო სასამართლოს ისტორია, სასამართლოს იურისდიქცია და სტრუქტურა, სამართალწარმოების პროცედურა, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და აქტივობები საერთაშორისო ასპარეზზე. სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძემ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო პერიოდის საქმიანობის შესახებ.

დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის, მის მიერ მიღებული პრეცედენტური გადაწყვეტილებების შესახებ. საქართველოს გამოცდილება გათვალისწინებული იქნება ავღანელი კოლეგების მიერ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურის შემუშავების კონტექსტში.

ხსენებული ვიზიტი შედგა „მშვიდობისა და კანონის უზენაესობის მაქს პლანკის საერთაშორისო ფონდთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლა საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების თაობაზე.