სიახლეები
ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
2019 წლის 2 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1275 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმები, ერთი მხრივ, ადგენდა ინტერნეტდომენის გამცემის ვალდებულებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაებლოკა ინტერნეტგვერდი, ხოლო, მეორე მხრივ, მომსახურების მიმწოდებელს აძლევდა შესაძლებლობას, მიეღო შესაბამისი ზომები ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით (სადავო დადგენილების თანახმად დაუშვებელ პროდუქციად მიჩნეული იყო, მათ შორის, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და უზუსტო პროდუქცია).
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო დადგენილებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავად განსაზღვრავდა დაუშვებელი პროდუქციის ცნებას და არეგულირებდა ამგვარი პროდუქციის გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმებით გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა უფლებამოსილების დელეგირების გარეშე, არა კანონის, არამედ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არ არღვევდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნას. კერძოდ, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მოხდა უფლებამოსილების დელეგირება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების საფუძველზე და ამ დელეგირებით მას მიენიჭა ლეგიტიმაცია, შეემუშავებინა სამართლებრივი აქტები ნებისმიერ საკითხზე, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ იქნებოდა მიმართული.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კრძალავდა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემას. ამგვარი მოწესრიგება კი ნიშნავდა გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას და აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი კონტენტის გამო, რაც ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენდა.
სასამართლოს შეფასებით, გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გამოვლინებაა და უმნიშვნელოვანესი როლი აქვს თავისუფალი საზოგადოების განვითარებისათვის. თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება იმგვარი საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ამგვარად, სასამართლოს განმარტებით, ამ საკითხის განსაზღვრა საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან უფლებამოსილებას წარმოადგენდა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე მისი მოწესრიგების დელეგირება დაუშვებელი იყო.
ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმები გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების მიღმა ასევე აწესრიგებდა შინაარსობრივი რეგულირების დამდგენი შეზღუდვის ტექნიკური აღსრულების წესს. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებას, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ტექნიკური, შინაარსობრივი რეგულირების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების დელეგირება მოახდინოს სხვა სახელმწოფო ორგანოზე. თუმცა, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილება არ გადაუცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დაცული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალური მოთხოვნები, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
დავის საგანი: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.