სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2024 წლის 29 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1801).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა განსაზღვრავს საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერის შესაძლებლობასა და წესს, იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს აღნიშნული უფლებამოსილებით.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა ზღუდავს ინტერნეტმედიის მიერ სასამართლო სხდომის გადაღების/პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი უფლებამოსილებით არ სარგებლობს არც საზოგადოებრივი და არც სხვა საერთო საეთერო მაუწყებელი. სწორედ ამიტომ, მოსარჩელე მიიჩნევს, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას.

მოსარჩელე მხარე აგრეთვე განმარტავს, რომ ინტერნეტმედიასა და სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს გააჩნია სასამართლო პროცესის ამსახველი აუდიოვიზუალური მასალის მოპოვებისა და გავრცელების მსგავსი სამართლებრივი ინტერესი. სადავო ნორმა კი, რამდენადაც გამორიცხავს სასამართლო სხდომის ინტერნეტმედიის მიერ გაშუქების შესაძლებლობას, იწვევს დისკრიმინაციულ მოპყრობას ამ უკანასკნელის მიმართ და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.