სიახლეები

არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გოგი გვიდიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1671)

2024 წლის 13 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „გოგი გვიდიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1671).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა გამორიცხავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, პირს ერთმევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილი რეალიზაციის საკითხი, რაც, შინაარსობრივად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს. იმავდროულად, მოსარჩელის პოზიციით, რამდენადაც სასამართლოსთვის მიმართვის უფლება იზღუდება არა საკანონმდებლო აქტით ან ასეთი აქტით უფლებამოსილების პირდაპირი და ცალსახა დელეგირების პირობებში, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების დებულებით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებსაც.  

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე 2010 წლის 11 დეკემბერს დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.