სიახლეები

ა(ა)იპ „ქართული ღია წრე“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად არ მიიღო ა(ა)იპ „ქართული ღია წრის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №664).

მოსარჩელე ითხოვდა „სახელწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი  პუნქტის „ლ“, „ჟ“, „ს“, „ს1“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ღ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „ძ1“, „წ“, „ჭ“, და „ხ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 45-ე მუხლთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების საფუძველზე მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ და  „ჭ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად,  უტოლდება ნორმის ძალდაკარგულად ცნობას, აღნიშნული კი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში, საქმისწარმოება შეწყდა.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, რადგან ის არის იურიდიული პირი, შესაბამისად, მას უფლება აქვს სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს, თუ მიაჩნია, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლება. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლი კი, არა საქართველოს კონსტიტუციის მეორე, არამედ კონსტიტუციის მეხუთე თავშია მოცემული.

სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 45-ე მუხლებთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და შესაბამისად ვერ დააკმაყოფილა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მოთხოვნები.