სიახლეები

გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №665 და №683).

2018 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №665 და №683).

სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული პირადი შემოწმების ჩატარების საფუძვლებსა და პროცედურას.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სრული პირადი შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირის გაშიშვლება, უცხო ადამიანის თანდასწრებით, იწვევს ადამიანის დამცირებას და შეურაცხყოფას იმ ინტენსივობით, რომ იგი უტოლდება საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულ არაჰუმანურ, სასტიკ და პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმავე მიზნების მიღწევა შესაძლებელია სკანერით შემოწმების განხორციელებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარის მითითებით, სრული პირადი შემოწმების ჩატარების საფუძვლები არის ბლანკეტური და იგი გამოიყენება დაბალი რისკის პატიმრების მიმართაც. ხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები განაპირობებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების (საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი), არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის (საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი) უფლებების დარღვევას.

მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სრული პირადი შემოწმება ემსახურება პენიტენციური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის ან/და სამართალდარღვევის თავიდან აცილების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნებს. მოპასუხის მტკიცებით, სკანერი ვერ ჩაანაცვლებს სრული შემოწმების ღონისძიებას, რადგან არსებობს ნივთები/ნივთიერებები, რომელთა აღმოჩენაც სკანერის აპარატით შეუძლებელია.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ღონისძიება, რომელიც მოიცავს პირის ვალდებულებას, გაშიშვლდეს და გაიშიშვლოს სხეულის გარკვეული ნაწილები სხვა პირთა თანდასწრებით, იწვევს დისკომფორტისა და სირცხვილის შეგრძნებას და მისი განხორციელება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები წარმოადგენდა მოპასუხის მიერ დასახელებული მიზნების მისაღწევ გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. სასამართლომ მიუთითა, რომ სკანერით შემოწმება და სრული პირადი შემოწმება არ არის სრულიად ურთიერთჩანაცვლებადი ღონისძიებები. შეუძლებელია, სკანერის მეშვეობით ყველა აკრძალული ნივთის, ნივთიერების, წარწერისა თუ სხვა ობიექტის აღმოჩენა, რომელთა შეტანა, დამზადება, ბრუნვა საფრთხეს უქმნის პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგს, იქ მოთავსებული და დასაქმებული პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ გარესამყაროსთან კონტაქტის შემთხვევებში და დაწესებულებაში გადაადგილებისას (სამარტოო საკანში მოთავსება) პირის გაშიშვლების დაშვება პასუხობდა კონსტიტუციის მოთხოვნებს.

სასამართლომ ამასთანავე მიუთითა, რომ №200 ბრძანება არ განსაზღვრავდა დირექტორისა და მის მიერ უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ პირის სრული პირადი შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს, დროის კონკრეტულ მონაკვეთში რა რაოდენობით არის შემოწმების ჩატარება დაშვებული ა.შ. და შესაბამისად, ქმნიდა პირის გაშიშვლების შესაძლებლობას მინიმალური საფრთხის აღკვეთის მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით,  დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით პირის გაშიშვლების შესაძლებლობა, სასამართლომ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმები შეფასებადი იყო საქართველოს კონსტიტუციის მე-20 და არა მე-16 მუხლთან მიმართებით. სადავო ნორმების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვის მატერიალურ სტანდარტებთან შემოწმებისას სასამართლომ მიუთითა, რომ ისინი ემსახურებოდნენ ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, წარმოადგენდნენ მიზნის მიღწევის გამოსადეგ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. ამავდროულად, №200 ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით პირის გაშიშვლების შესაძლებლობა, არ მიიჩნია მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან ხსენებული ბრძანება, №116 ბრძანებისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რაც ქმნიდა უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევის რისკებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხსენებული ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან.