სიახლეები

გიორგი პაპუაშვილი ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი  ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, პაველ სვობოდას შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის წევრი  ჰაიდი ჰაუტალა. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.

ევროპარლამენტარები ასევე დაინტერესდნენ,  თუ რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა აღიკვეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ზეწოლის ფაქტები და მცდელობები. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის  ა.წ. 21 იანვარს გამოქვეყნებული  რეზოლუციის 21-ე პუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება, ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის   ფაქტებზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს შესაბამისი ზომები „მათ შორის გადადგას ადეკვატური ნაბიჯები სასამართლოს წევრებისა და მათი ოჯახების დასაცავად, ასევე სრულად გამოიძიოს განხორციელებული მუქარის ფაქტები და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს კანონდამრღვევები“ - აღნიშნულია ევროპარლამენტის  რეზოლუციაში.