სიახლეები

დღეს 18 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მმართველი ჯგუფის შეხვედრაში მიიღ

დღეს 18 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მმართველი ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმეების შესახებ.

"მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ევროკავშირის პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში და პროექტის სხვა ბენეფიციარებთან ერთად საკუთრი მოსაზრება გამოვთქვათ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო აქტივობებზე. მიუხედავათ იმისა, რომ გასული წლების მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად განვითარდა ღირებული სასამართლო პრაქტიკის დაგროვების თვალსაზრისით, ჩვენი ინსტიტუცია დღესაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციური დანიშნულება კიდევ უფრო გამოიკვეთა საზოგადოებაში, გაიზარდა მისი, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი და მნიშვნელობა. მისასალმებელია, რომ გაიზარდა კონსტიტუციური სარჩელების რიცხვი, თუმცა ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს ინსტიტუციური შესაძლებლობების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის მხარდაჭერა საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, რასაც ის 2014 წლიდან ახორციელებს, ძალზედ ფასეულია ჩვენთვის. გასულ წელს პროექტის ფარგლებში შემუშავდა სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: სასამართლოს ეფექტიანობის და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაძლიერება და სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის გაუმჯობესება.

აქვე მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ საკონსტიტუტციო სასამართლოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შემუშავება და დანერგვა, რაზეც პროექტის მიერ მოწვეულ ექსპერტთან ერთად რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. დღეის მდგომარეობით მუშაობა მიმდინარეობს კონცეფციის საბოლოო ვერსიაზე რათა უახლოეს პერიოდში მოხდეს IT ინფრასტრუქტურის გამართულობის და პროგრამული განვითარების უზრუნველყოფა. ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე მოვახერხებთ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებას ამ მიმართულებით.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის პროექტი აგრძელებს ისეთი აქტივობების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. ამ კუთხით აღსანიშნავია საზაფხულო სკოლა კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალში, საჯარო დისკუსიები აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

შეხვრდრის მონაწილეებს ასევე მიმართეს: მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა, ატაშე პიტერ დენისმა და პროექტის - Hulla and Co. Human Dynamics KG - მენეჯერმა, ოლივერ მადერმა.

საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის მეტად ნაყოფიერ შედეგებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს აღნიშნულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით გაგრძელებისა და საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებისათვის. მოსამართლე რენატე ვინტერმა ასევე გამოყო მართლმსაჯულების რეფორმის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებაში საერთაშორისო დონორების როგორც აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, ასევე მათი კოორდინირებული მუშაობა და სანიმუშო ურთიერთგაგება, რაც მხოლოდ პოზიტიურ შედეგს აძლევს დონორთა ძალისხმევას.

ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ცალკეული კომპონენტების მიმდინარეობის შესახებ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მოაწოდეს სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მაია ჩოჩუამ, სამართლებრივმა მრჩეველმა ნინი გოგიბერიძემ და მრჩეველმა ევროპის ადამიანის უფლებათა სამართალში ლალი ჩხეტიამ.