სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური სამართლის მე-11 მსოფლიო კონგრესში
2022 წლის 5-9 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური სამართლის მე-11 მსოფლიო კონგრესში. ღონისძიება „კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციისა (IACL)” და იოჰანესბურგის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქ. იოჰანესბურგში ჩატარდა.
კონსტიტუციური სამართლის მსოფლიო კონგრესი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას კონსტიტუციური სამართლის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის, სადაც კონსტიტუციური სამართლის დარგის სპეციალისტებს - მეცნიერებს, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს სხვადასხვა იურისდიქციიდან აქვთ დისკუსიისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. ღონისძიება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, რომელიც წელს პირველად აფრიკის კონტინეტზე, ქ. იოჰანესბურგში გაიმართა და აერთიანებდა 600-მდე დელეგატს მთელი მსოფლიოდან.
მე-11 კონგრესის თემას წარმოადგენდა „კონსტიტუციური ტრანსფორმაციები“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა თემატური სესიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: მდგრადი დემოკრატია და თანამედროვე კონსტიტუციური მმართველობა; კონსტიტუციონალიზმი კერძო ხელისუფლების ეპოქაში; სიღარიბე, დისკრიმინაცია, გარემოს დაცვა, კლიმატის სამართალი და ბუნების უფლებები; სოციალურ-ეკონომიკური უფლებების როლი კონსტიტუციურ ტრანსფორმაციაში; კონსტიტუციის პასუხისმგებლობა მომავალზე; გარდამავალი მართლმსაჯულება; კონსტიტუციური ვალდებულებების გავრცელება არასახელმწიფო აქტორებზე; კონსტიტუციონალიზმი და Covid-19-ის პანდემია; თანაზომიერების პრინციპი კონსტიტუციურ სამართალში; სამართლის უზენაესობის პრინციპი ციფრული კონსტიტუციონალიზმის ეპოქაში; ინტერნეტის ძალაუფლების კონსტიტუციური სტატუსი და სხვა.
მსოფლიო კონგრესი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რაიმონდ ზონდომ გახსნა. ღონისძიების ფარგლებში დელეგატებმა კონსტიტუციის ფერდობი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული შენობა მოინახულეს. ვიზიტის ფარგლებში კონგრესის მოსამართლე დელეგატებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე სტივენ მაჯიტთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ მოხსენება წარადგინა კონგრესის თემატური სემინარის ფარგლებში კონსტიტუციური კონტროლის ქართული მოდელისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ.
კონგრესის პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გაცნობითი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოების მოსამართლეებთან და, ასევე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კონსტიტუციური სამართლის პროფესორებთან.
დასასრულს, საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ესტუმრა საქართველოს საელჩოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქ. პრეტორიაში და შეხვდა საელჩოს დიპლომატიურ პერსონალს.