სიახლეები
ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
2017 წლის 9 სექტემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება №854 კონსტიტუციური სარჩელის („საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) არსებითად განხილვის სხდომა.
მოსარჩელე ასაჩივრებს წესს, რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღებისათვის აუცილებელია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა. შესაბამისად, ასეთი საცხოვრებელი ადგილის არმქონე, უსახლკარო პირებს შესაძლებლობა არ აქვთ, განცხადებით მიმართონ სახელმწიფო ორგანოს, მოითხოვონ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და მიიღონ საარსებო შემწეობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ქმნის არათანასწორ გარემოს, ლახავს მის პატივსა და ღირსებას, არღვევს სიცოცხლის და სოციალურ უფლებებს.
საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-5 პუნქტების, ასევე მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.