სიახლეები

5 თებერვალს დაიწყო და 7 თებერვალს დასრულდება გუდაურში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა თემაზე - ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ეფექტური წ

5 თებერვალს დაიწყო და 7 თებერვალს დასრულდება გუდაურში  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა თემაზე - ინსტიტუციური განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ეფექტური წარმომადგენლობა. ღონისძიებას ესწრებიან: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის წევრები, სასამართლოს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები. 

შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა: 

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა ვისაუბროთ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე. ამ კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე რამდენიმე თვეა პროექტის და სასამართლოს წარმომადგენლები მოწვეულ ექსპერტთან ერთად ეწევიან სასამართლოში საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვის მოსამზადებელ სამუშაოებს, რომლის კონცეფციასაც დღეს გავეცნობით. საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის შემუშავებაში მნიშვნელოვანია მოსამართლეების ჩართულობაც. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით სასამარლომ შეძლო ინსტიტუციური განვითარების და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის შემუშვება, ხოლო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში ორმაგად ფასეულია მათი ჩართულობა და კონტრიბუცია" - აღნიშნა ზაზა თავაძემ

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ და სიტყვით მიმართეს - პიტერ დენისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა.  

 5-6  თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის იურისტებმა წარმოადგინეს პროექტების პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: სასამართლოს ახალი დებულება; სასამართლოში საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის კონცეფცია; პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტები საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, თეიმურაზ ტუღუშმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ მიმოხილვა, რის შემდეგაც გაიმართა კითხვა/პასუხი და დისკუსია არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით.

სამუშაო შეხვედრა 7 თებერვალს დასრულდება. დაგეგმილია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის წევრების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაციები შემდეგ თემებზე: კონსტიტუციური ცვლილებები და მათი გავლენა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე საქართველოში და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის გამოწვევები

საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ევროკავშირის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის(GIZ) ფინანსური მხარდაჭერით