სიახლეები

საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“

საზაფხულო სკოლა

„კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“

18-26 ივლისი, 2022

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ

თანადაფინანსებული პროექტის

„სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“

და

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის

ფინანსური  მონაწილეობით

იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის  შესარჩევ  კონკურსში მონაწილეობისათვის.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და კრიზისული მმართველობა: ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში;
  • ფარული მიყურადება, მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  უფლება: სტანდარტები აშშ-სა და ევროპაში.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. უცხოელი ლექტორების მონაწილეობით ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ლექციები ჩატარდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ქ. ბათუმში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და განთავსდებიან სასტუმროში.

საზაფხულო სკოლის ლექციებს გაუძღვებიან:

  • ქეროლაინ ფრედრიქსონი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი; ამერიკის კონსტიტუციის საზოგადოების პრეზიდენტი (ACS)  2009-2019;  
  • ვოიცეხ სადურსკი, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი; სიდნეის უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის ევროპის ცენტრის პროფესორი;
  • მეთიუ ქუგლერი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი;
  • დევიდ ერდოსი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი; ინტელექტუალური საკუთრების და საინფორმაციო სამართლის ცენტრის თანახელმძღვანელი (CIPIL);
  • ვერონიკა ბილკოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი; ევროპის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (ESIL); ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი;
  • დენიელ როდრიგესი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი (სამართლის სკოლის დეკანი 2012-2018 წწ);
  • თეიმურაზ ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები.

საზაფხულო სკოლის კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

სავალდებულო მოთხოვნები

დაინტერესებული კანდიდატი:

  • უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ CV (რეზიუმე) ფოტოსურათით არა უგვიანეს 17 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool2022@constcourt.ge.

 

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ  ტესტირებას (ინგლისურ ენასა და სამართალში) და გასაუბრებას. ტესტირებისა და გასაუბრების ბმულს კანდიდატები მიიღებენ ელ. ფოსტაზე.

 

 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართოთ:

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. #16/18,

სასამართლოს აპარატის შენობა

ტელ:  +995 (422 276164)

ელ. ფოსტა: summerschool2022@constcourt.ge