სიახლეები
საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი
2024 წლის 22 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი: “მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში”.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ, და გიორგი გიორგაძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის უფროსმა პროექტის ოფიცერმა.
ფორუმში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტებული 20-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი. მის მიზანს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას შორის განგრძობადი დიალოგისათვის სივრცის შექმნა წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პროცესის ხელშეწყობა, სწავლებისათვის დამახასიათებელი გამოწვევების გამოკვეთა და განხილვა, სხვადასხვა უნივერსიტეტში შესაბამისი დისციპლინის სწავლების პროცესისა და სავარაუდო შედეგების ჰარმონიზაცია, თეორიის პრაქტიკასთან დაახლოება.
ღონისძიება ორი სესიად წარიმართა. პირველი ნაწილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების, აკადემიური პერსონალის გამოცდილების გაზიარებასა და არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიას დაეთმო. მეორე სესიის ფარგლებში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების საგნის სწავლების თაობაზე, ფორუმის მონაწილეებს საკუთარი ხედვები გააცნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა: გიორგი თევდორაშვილმა, მანანა კობახიძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.