სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ვარშავაში იმყოფება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია მერაბ ტურავას, თეიმურაზ ტუღუშის, ევა გოცირიძისა და თამაზ ცაბუტაშვილის შემადგენლობით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც  სისხლის სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება პოლონეთის სამართლის კოდიფიკაციის კომისიის სისხლის სამართლის განყოფილების დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მას ორგანიზებას პოლონეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო ტრიბუნალი უწევს.

კონფერენციის თემას სისხლის სამართლის მეცნიერების რიგი აქტუალური საკითხის განხილვა წარმოადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობენ საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოების წარმომადგენლები,  ასევე სამართლის სხვა მოწინავე მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენცია 21 ნოემბერს გაიხსნა. მერაბ ტურავა მოხსენებით წარსდგა კონფერენციის მონაწილეთა წინაშე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეებში დადგენილ სტანდარტებზე ისაუბრა.

კონფერენციის მუშაობა 22 ნოემბერს დასრულდება.