სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №697 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა დ

2024 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №697 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები ადგენდა ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლებსა და პროცედურას, აგრეთვე ბიოლოგიური ნიმუშის აღების წესს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენა და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება უნდა მოხდეს არა პოლიციელის სუბიექტური ეჭვის საფუძველზე, არამედ მხოლოდ სასამართლოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, რათა ადგილი არ ჰქონდეს პირის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებებში თვითნებურ, დაუსაბუთებელ ჩარევასა და ამით ადამიანის ღირსების შელახვას. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ წესი, რომელიც ადგენს გამოსაკვლევად წარდგენილი პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების შესაძლებლობას, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიასთან. მოსარჩელე ასევე, მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული რეგულაციის საფუძველზე პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არაკონსტიტუციური პროცედურების გზით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის დანაწესთან, რომლის თანახმადაც, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“.

სარჩელის არსებითად განხილვის ეტაპზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დასჯად ქმედებად აცხადებს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას. სადავო ნორმებით გათვალისწინებული პროცედურა კი წარმოადგენს აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მექანიზმს. პირის გამოსაკვლევად წარდგენა და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება ხორციელდებს დროის მცირე ინტერვალში, რის გამოც აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს მცირე ინტენსივობის ჩარევას პირის ფიზიკური თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებებში და, შესაბამისად, არ საჭიროებს წინასწარ სასამართლო კონტროლს. ამასთან, მოპასუხე მხარის პოზიციით, თვითინკრიმინაციის დაცვის პრინციპის ფარგლები არ ვრცელდება პირისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების შემთხვევებზე, რადგან ამგვარი მასალა არსებობს პირის ნებისგან დამოუკიდებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმებით რეგულირებული პროცედურები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული რეგულაციებით გათვალისწინებული ღონისძიებები იძლევა პირის სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებაში იძულებით წარდგენის და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების შესაძლებლობას. სასამართლომ განმარტა, რომ პირის სხეულიდან ბიოლოგიური ნიმუშის აღების შემთხვევები მიეკუთვნება პირადი სივრცის ხელშეუხებლობით დაცული უფლების სფეროს. სასამართლომ, სადავო ნორმების ანალიზზე დაყრდნობით დაადგინა, რომ პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის პროცედურა არ მოითხოვს სასამართლოს წინასწარ თანხმობას, ხოლო სადავო ნორმებით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ყოველთვის არ დგას პირის გამოსაკვლევად წარდგენის გადაუდებელი აუცილებლობა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც ობიექტურად შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების მოპოვება იმ დროში, რა დროშიც ეჭვქვეშ არ დადგება სამართალდარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა, არ დგას პირის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენისა და გამოკვლევის გადაუდებელი, მყისიერი აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის გამოსაკვლევად წარდგენის საფუძვლების დამდგენი ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ფორმალური კრიტერიუმის მოთხოვნას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირის იძულებით წარდგენა საექსპერტო დაწესებულებაში, თავისი არსით, წარმოადგენს პირის დაკავებას კონსტიტუციის მე-13 მუხლის მიზნებისთვის. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ყოველთვის არ არის სახეზე პირის დაკავების აუცილებლობა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს პირის სხეულიდან ნარკოტიკული ნივთიერების კვალის გაქრობის საფრთხე, შესაძლებელია პირის სავალდებულო წესით დაბარება საექსპერტო დაწესებულებაში და ამ გზით მის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენა, რაც წარმოადგენს ნაკლები ინტენსივობის ჩარევას ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა მის მიერ უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ თვითინკრიმინაციის დაცვის პრივილეგიით გარანტირებული უფლების შეზღუდვას ვერ გამოიწვევს რეგულირება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება პირის ნებაზე ზემოქმედება, მისგან მტკიცებულების მოპოვების მიზნით. სასამართლომ განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალა მათ შორის ნერწყვისა და შარდის ნიმუშები, (მსგავსად თითის ანაბეჭდის, თმის ღერის და სხვ.) არსებობს პირის ნებისგან დამოუკიდებლად. მისი მოპოვება შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური, ბუნებრივი ფუნქციონირების შედეგად, ხელოვნური ჩარევისა და პირის ნებაზე იძულების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით არ ხდება ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტით დაცული უფლების სფეროში.