სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დასრულდა

პირველ აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ დასრულდა, რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობითა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა.

მონაწილეებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუშმა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეთაგან გამოვლინდა 3 საუკეთესო სტუდენტი: საზაფხულო სკოლის საუკეთესო მონაწილე - ივიკო ხავთასი, და იმიტირებული სასამართლო პროცესების საუკეთესო მონაწილეები - ვასილ ჟიჟიაშვილი და ნიკო დათეშიძე. აღსანიშნავია, რომ სკოლის საკეთესო მონაწილეს შესაძლებლობა ექნება პროფესიული საქმიანობა დაიწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების გზით.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები თითქმის ორი კვირის განმავლობაში ისმენდნენ ლექციებს კონსტიტუციური სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების თავისებურებებზე აშშ-სა და ევროპაში, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ასპექტებზე საქართველოში, ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტებზე, ინტერნეტის რეგულირების, ფარული მიყურადებისა და პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე. საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები.

საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი; ასევე მოწვეული პროფესორები და ექსპერტები: ჯეისონ დესანტო - ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი; რიჩარდ ვოგლერი - სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი; ნორა ნი ლოიდეანი - ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის გაძლიერებული სწავლების ინსტიტუტის (IALS) საინფორმაციო სამართლისა და პოლიტიკური ცენტრის დირექტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი; თამარ ქალდანი - საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (2013-2019); დავით გაბეხაძე - სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; გივი ბაღდავაძე - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.

საკონსტიტუციო სასამართლო 2008 წლიდან  ყოველწლიურად მართავს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში. წელს, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის კონკურსის შედეგად შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 28 საუკეთესო სტუდენტი და კუსდამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტებიდან.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.