სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დასრულდა
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა - „კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი“ - დასრულდა.
სტუდენტებს საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელმა ირინა ხახუტაიშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტის წარმომადგენელმა გვანცა გედენიძემ.
სკოლის სასწავლო პროგრამა აერთიანებდა შემდეგ თემებს: კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და კრიზისული მმართველობა: ადამიანის უფლებათა შეზღუდვის სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში; ფარული მიყურადება, მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება: სტანდარტები აშშ-სა და ევროპაში.
საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, ამერიკის კონსტიტუციის საზოგადოების (ACS) თავმჯდომარე (2009-2019 წწ.) ქეროლაინ ფრედრიქსონი; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, სიდნეის უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტის ევროპის ცენტრის პროფესორი ვოიცეხ სადურსკი; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი მეთიუ ქუგლერი; კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი, ინტელექტუალური საკუთრების და საინფორმაციო სამართლის ცენტრის (CIPIL) თანახელმძღვანელი დევიდ ერდოსი; ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი, ევროპის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (ESIL), ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკა ბილკოვა; ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (აშშ) პროფესორი (სამართლის სკოლის დეკანი 2012-2018 წწ.) დენიელ როდრიგესი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქსოვრელი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი; საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე; სსიპ ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი დავით გაბეხაძე; კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის იურისტი ლევან მაისურაძე.
საზაფხულო სკოლის მონაწილეთაგან გამოვლინდა 4 საუკეთესო სტუდენტი: ლუკა ნიშნიანიძე, ირაკლი ჯოჯუა, მარი მძევაშვილი და გიორგი მელიქიძე. აღსანიშნავია, რომ სკოლის საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიული საქმიანობა დაიწყონ საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების გზით.
წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ საზაფხულო სკოლის მე-14 ნაკადს უმასპინძლა. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, ღია კონკურსის შედეგად, შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 22 საუკეთესო სტუდენტი და კურსდამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტებიდან.
საზაფხულო სკოლა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის II“ ფარგლებში თანადაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „სამართლის უზენაესობის პროგრამის“ ფინანსური მონაწილეობით ჩატარდა.