სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს - „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1404)
2020 წლის 28-29 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვა საქმეზე „ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი №1404).
მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ადგენს ელექტრონული მოწმობის გაცემის უალტერნატივო წესს და არ იძლევა სხვაგვარი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას. ამასთან, ელექტრონული პირადობის მოწმობა ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უშუალოდ უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. შესაბამისად, მოსარჩელეები თავიანთი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტით სარგებლობაზე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას. ამრიგად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებასა და რწმენის თავისუფლებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404 საოქმო ჩანაწერით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
დავის საგანი:
ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა;
ა.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა.
ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით:
ბ.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა;
ბ.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა.