ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს ნიკანორ მელიას კონსტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2020 წლის 14 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1473).

 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით, მოსარჩელე ნიკანორ მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობისას. მოსარჩელის პოზიცით, სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი გასაჩივრების შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე და დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „ნიკანორ მელიასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №5544-Iს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.