სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1437 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2023 წლის 22 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1437 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმები ადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნებს, მის პერიოდულობასა და სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური ინსპექტირების მომსახურების შესაბამის საფასურებს. მოსარჩელისთვის პრობლემური იყო საქართველოს მთავრობისთვის დელეგირებული უფლებამოსილება, განსაზღვროს ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფიქსირებული საფასურები. მისი მოსაზრებით, აღნიშნული სამართალურთიერთობა წარმოადგენს ორ კერძო სუბიექტს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას, რის გამოც, ამ მომსახურების საფასური უნდა დადგინდეს თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პრინციპიდან გამომდინარე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.

მოპასუხე მხარეთა, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მოსაზრებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებსა და მოქალაქეებს შორის არსებული ურთიერთობა არ განეკუთვნება კერძო სამართლის სფეროს, არამედ იგი წარმოადგენს არაპირდაპირ საჯარო მმართველობას, რომლის ფარგლებში სახელმწიფო ასრულებს პოზიტიურ ვალდებულებას და საგზაო უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავებს პერიოდული დათვალიერების (ინსპექტირების) სისტემას. მოპასუხეთა წარმომადგენელთა მოსაზრებით, აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საავტომობილო გზებთან დაკავშირებული უსაფრთხოების დაცვა განეკუთვნება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას ზოგადი საჯარო მიზანი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ მიმართული საქმიანობას დაუკავშირა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების სისტემის გამართვა, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის გამართულობის, ისე ატმოსფერულ ჰაერში გამოფრქვეულ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის შემცირების გათვალისწინებით.

მთავრობისთვის საფასურების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიმეორა რა მის მიერ დადგენილი პრაქტიკა, იმავდროულად, მიუთითა, რომ საკითხის ბუნებიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევაში, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, მისი მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება მოახდინოს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის ესაჭიროებათ აკრედიტაცია, რომელიც გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ. ამდენად, არსებობს კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ვალდებულება, რომ მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების საფასურები საგზაო მოძრაობის ერთიანი გამართული სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სახელმწიფომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოაცხადა პირის მიერ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექინსპექტირების პირობების დადგენისა და საფასურების განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირების, ისე კონკრეტული საფასურების განსაზღვრის სამართლებრივი მექანიზმი ემსახურება საერთო საზოგადოებრივ ინტერესს, დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება.

წინამდებარე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, იმავდროულად, განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებსა და მოქალაქეებს შორის არსებული სამართალურთიერთობა წარმოადგენს არაპირდაპირი საჯარო მმართველობითი ურთიერთობის ფორმას და მომსახურების ამ სფეროში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის სათანადო პირობებისა და შესაბამისი მომსახურების საფასურის დადგენა, საბოლოო ჯამში, მიმართულია საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და, საკუთრივ, მოქალაქეთა უფლებების ჯეროვანი დაცვისკენ. სადავო ღონისძიების ვიწრო პროპორციულობის შეფასებისას კი, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის დანერგვა, თავის მხრივ, გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან საკითხის იმგვარად დარეგულირებას, რომ დაცული ყოფილიყო, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესი, თავიდან ყოფილიყო აცილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ინსპექტირების ცენტრების მიერ მომსახურების ფასების ხელოვნური გაზრდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელთათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენდა და რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფდა საერთო საჯარო სიკეთის (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების) დაცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, პირის (მომსახურების ცენტრის) კერძო ინტერესი, შეუფერხებლად ესარგებლა საკუთრების უფლებით.

სასამართლომ განმარტა, რომ ისეთ არაპირდაპირ საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში, როდესაც მხარეთა მთავარი მიზანი საერთო საჯარო ინტერესის უზრუნველყოფაა, სწორედ რომ გამართლებულია სახელმწიფოს მიდგომა, დაიცვას მოქალაქის ინტერესი მეტწილად, ვიდრე ტექინსპექტირების ცენტრის საკუთრების უფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფო მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით ზღუდავს მოქალაქისთვის ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გაზრდის შესაძლებლობას ტექინსპექტირების ცენტრის საკუთრების უფლების შეზღუდვის ხარჯზე, კერძოდ, ყველა ტექინსპექტირების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისთვის თანაბარი ფასის დაწესებით, შექმნილია სამართლიანი საბაზრო მდგომარეობა მომხმარებლისთვის, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიღებას. ამავდროულად, სახელმწიფომ უზრუნველყო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მონოპოლიის პრევენციაც. კერძოდ, სახელმწიფომ ტექნიკური დათვალიერების საფასურის არც ქვედა ზღვრის დაწესებით არ შექმნა არაერთგვაროვანი გარიგებების დადების პოტენციური სივრცე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაცულია სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.

დავის საგანი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების „საფასურები განისაზღვრება“ და „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის (2023 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და ხსენებული დანართის შენიშვნის (2023 წლის პირველ თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.