სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები ივანე პეტრიაშვილი და ელენე მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 12 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქეების ივანე პეტრიაშვილისა და ელენე მახარაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N1232) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს ხელფასის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, მითითებული ნორმა აგრეთვე ადგენდა სამსახურებრივ დავებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას. მოსარჩელე სწორედ აღნიშნული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (თანასწორობის უფლება), 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან (შრომის თავისუფლება) და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (სასამართლოსადმი მიმართვის უფლება) მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი N1232 არ მიიღო არსებითად განსახილველად და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამ სახით ჩამოყალიბება ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არის აღმჭურველი ხასიათის და არ გააჩნია მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-5  მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.