სიახლეები

საქართველოს მოქალაქეები- ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი, ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ(კონსტიტუციური სარჩელი - N701,722,725)

2017 წლის 25 იანვარს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციურ სარჩელებს (რეგისტრაციის N701,722,725), რომლითაც გასაჩივრებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანანოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოცემული ქმედებებისათვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა - წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს, ვინაიდან კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად და არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთირების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი. 

მოსარჩელეები ითხოვენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანანოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ აწესებენ თავისუფლების აღკვეთას.