სიახლეები

„საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1248)

2018 წლის 27 აპრილს, 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანა ფირცხალაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1248).

№1248 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმების თანახმად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების და მათი საფასურის/მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით. აღნიშნული სისტემის ფარგლებში კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი (ადმინისტრატორი), უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს საკუთარი მომსახურების გაწევა თუ მომხმარებელი არ გადაიხდის ან არასრულად გადაიხდის ერთ-ერთი სხვა მომსახურების საფასურს/მოსაკრებელს. უფრო კონკრეტულად, სადავო ნორმა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას დასუფთავების მომსახურების ან წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, მომხმარებელს შეიძლება შეუწყდეს იმ კომუნალური მომსახურების მიწოდება, რომლის საფასურიც მას გადახდილი აქვს და აღნიშნული მომსახურება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი) და მომხმარებელთა უფლებებს (საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება).

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 496 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის №24/3 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.