სიახლეები
საქართველოს მოქალაქე გიორგი ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2017 წლის 12 ივლისს არსებითად განსახილველად არ მიიღო №1226 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე გიორგი ცინცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, 2017 წლის პირველ ივლისამდე მსუბუქი ავტომობილები იბეგრება 2017 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება დაიწყო 2017 წლის პირველ იანვრამდე და იგი საზღვაო ტრანსპორტით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.
N1226 კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეს ავტომობილი შეძენილი ჰქონდა კანონის გამოქვეყნებამდე და არ იყო ინფორმირებული, მარცხენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის ზრდის შესახებ. ის გარემოება, რომ მოსარჩელეზე არ გავრცელდა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეღავათიანი აქციზის განაკვეთი, ეწინააღმდეგება მის თანასწორობისა და საკუთრების უფლებებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას და განსაზღვრავს ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა არსებობის პირობებშიც შესაძლებელია ავტომობილის დაბეგვრა საგადასახადო კოდექსის ცვლილებებამდე არსებული განაკვეთის შესაბამისად. ნორმა არ ადგენს რაიმე სახის ვალდებულებას მოსარჩელის ან მის კატეგორიაში მყოფი სხვა პირების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს და კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია.
განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.