სიახლეები

საქართველოს მოქალაქე - გიორგი ქართველიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი №704, რომლითაც მოსარჩელე საქართველოს მოქალაქე გიორგი ქართველიშვილი ითხოვს პატიმრობის კოდექსის მე-172მუხლის მე-6 ნაწილის სიტყვების: „ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევათ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და 36-ემუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, ხანგრძლივი პაემნის უფლება წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას შეინარჩუნოს და განავითაროს ოჯახური ურთიერთობები. პირი, რომელიც სასჯელს იხდის განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს 5 წლიდან 20 წლამდე ან/და უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ ტიპის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები სარგებლობენ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, თვეში ერთხელ ერთი საათით. ამგვარი ჩარევა, პირს კიდევ უფრო აშორებს ოჯახს და საზოგადოებას, რაც შეუძლებელს ხდის ან ართულებს პირის რესოციალიზაციის და რეინტეგრაციის პროცესს სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ.

კონსტიტუციური უფლებების სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის გამოყენება უნდა განხორციელდეს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით კონკრეტული პატიმრისგან მომდინარე საფრთხის შესწავლის საფუძველზე თანაზომიერების პრინციპის დაცვით. პირის კონკრეტული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსება არ უნდა იწვევდეს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების ავტომატურ ჩამორთმევას, როგორიც ხანგრძლივი პაემანია.