სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1/18/731 განჩინებით არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №731).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმით კრიმინალიზირებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ჩადენილი არაერთგზის და აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელის სახედ დაწესებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან რვა წლამდე. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა ბლანკეტური შინაარსისაა და არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, რამდენადაც ერთმანეთისგან არ მიჯნავს სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები არღვევდა საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, პირადი ცხოვრების უფლებასა და ღირსების შემლახავი სასჯელის აკრძალვის ფუნდამენტურ პრინციპს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ №731 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა ცვლილება და სადავო ნორმის მოქმედება აღარ ვრცელდება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა: კანაფი (მცენარე), ნედლი და გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში შეწყვიტა საქმე. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მიუთითებდა მხოლოდ ერთი კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების - ნედლი მარიხუანას არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის დაწესებული სანქციის არაკონსტიტუციურობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით სასარჩელო მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და არ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

საქმე განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ (ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისათვის გათვალისწინებული სანქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, ასევე მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ იხილოთ აქ.