სიახლეები
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 25 ნოემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქე ირაკლი ღვამბერიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №742). მოსარჩელე ითხოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ სადავო ნორმების თანახმად, მესაკუთრის კუთვნილი ფართიდან იმ დევნილების/დევნილთა ოჯახის გამოსახლება, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ იქნა განსახლებული და საკუთარი ძალებით იპოვა საცხოვრებელი, დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ სამინისტროს მიმართა განცხადებით მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართობზე რეგისტრირებული დევნილის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. სადავო ნორმის თანახმად, როგორც წესი, არ ხდება დევნილის გასახლება მესაკუთრის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან, დევნილის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე. ამდენად, სადავო ნორმებით მესაკუთრის თანხმობის გარეშე ხდება მისი საკუთრების დაკავება განუსაზღვრელი ვადით იმ პირთა მიერ, რომელთანაც არ გააჩნია სახელშეკრულებო ვალდებულებები.
მოსარჩელის აზრით, კანონი არ შეიცავს მესაკუთრის საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმებს და ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის მიერ საკუთრების შეუზღუდავად ფლობას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.