სიახლეები

„საქართველოს მოქალაქე - მარიკა გაბესკირია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ”

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში საქართველოს მოქალაქის მარიკა გაბესკირიას კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-3 პუნქტის სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-14 მუხლთან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის ზეპირი მოსმენისას „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე/მიღების საკითხის განხილვის ეტაპზე სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკრგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 7 სექტემბრის №459 დადგენილების შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილება შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, სადავო ნორმამ, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის მომენტში არსებობდა, შეწყვიტა მოქმედება, ვინაიდან ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შეწყვიტა №627 კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოება.