სიახლეები
„საქართველოს მოქალაქე ნანა ბუაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“
2018 წლის 25 ივლისს, 12 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ბუაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1319).
სადავო ნორმით ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში დადგინდა სანიტარული დაცვის სამი ზონა, მათ შორის, მკაცრი რეჟიმის ზონა. გასაჩივრებული ნორმის თანახმად, აღნიშნულ ზონაში აკრძალულია რიგი სამუშაოებისა და მშენებლობების განხორციელება.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს სადავო ნორმამ მიენიჭა სანიტარული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონის სტატუსი, რაც გამორიცხავს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აშენებას. მოსარჩელის არგუმენტაციით სადავო ნორმა უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება წარმოეშვა მთავრობის სადავო დადგენილების ამოქმედებამდე და მასზე ავრცელებს სარეკრეაციო და სანიტარული დაცვის ზონის სტატუსს. ამგვარი სტატუსის პირობებში მოსარჩელე რჩება მხოლოდ ქონების ფორმალურ მესაკუთრედ და წართმეული აქვს საკუთრების ობიექტის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი).
მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს დიფერენცირებულ მოპყრობას თანასწორ სუბიექტებს შორის. მისი არგუმენტაციით მთავრობის სადავო დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე ვრცელდება განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული კანონმდებლობა, ყველა სხვა პირზე კი - სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია და შესაბამისად, ასეთ პირებს არ გააჩნიათ მშენებლობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობის უფლება (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).
საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობის დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილების დანართი №1-ის „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.