სიახლეები

საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2017 წლის 17 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო საქართველოს მოქალაქის ქართლოს ზაქარეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი №753 („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საქართველოს მთავრობის დადგენილების კონსტიტუციურობას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადის 2017 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივების თაობაზე.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 დეკემბრის №531 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. სადავო ნორმებში ცვლილება განხორციელდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №753 კონსტიტუციურ სარჩელზე შეწყვიტა სამართალწარმოება.

№753 კონსტიტუციურ სარჩელზე განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი„საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.