სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ვილნიუსში იმყოფება

ა.წ. 23-26 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ზაზა თავაძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ვილნიუსს ეწვია, სადაც მონაწილეობს შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის ფარგლებში ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში. ვილნიუსის ფორუმის მთავარი თემაა კანონის უზენაესობის პრინციპის იმპლემენტაცია და დაცვა ასოციაციის წევრ ქვეყნებში. მას ესწრებიან ლიტვის, მოლდოვის, უკრაინის, რუმინეთის, პოლონეთისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების დელეგაციები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან და წევრი ქვეყნების საკონსტიტუცო სასამართლოების თავმჯდომარეებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ისაუბრა რეგიონული ასოციაციის მნიშვნელობაზე. ზაზა თავაძემ გამოხატა მზადყოფნა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას პარტნიორ სასამართლოებთან როგორც ასოციაციის, ასევე სხვა ფორმატში.

ლიტვის ფორუმში მონაწილეობს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ლალი ფაფიაშვილი, რომელმაც მოხსენება გააკეთა საქართველოში სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებაზე. აღნიშნულ ფორუმზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილი.