სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გამოეხმაუროს  „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს  ორგანულ კანონში განხორცილებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული მწვავე დისკუსიის ფარგლებში აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტისა  და მედიის  წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შეფასებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესების მონაწილე ერთ-ერთ მხარედ, ამცირებს მისდამი ნდობას, ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას და იწვევს მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას.

საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს სასამართლოს, აკნინებს მის რეპუტაციას, ამცირებს მისდამი ნდობას და შეურაცხყოფს მის წევრებს.

საკონსტიტუციო სასამართლო თავის კომპეტენციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, თავი შეიკავოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისგან.  ამავე დროს,  სასამართლოს  თითოეული წევრი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის   ხელშესაწყობად  გამოხატულ მხარდაჭერასა და ძალისხმევას.