სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1655 კონსტიტუციური სარჩელი („თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2024 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1655 კონსტიტუციური სარჩელი („თენგიზი ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. მოსარჩელის არგუმენტაციით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის ხანდაზმულობის ვადის არსებობა კი არ არის თავისთავად არაკონსტიტუციური, არამედ იგი არ არის იმდენად ეფექტიანი და ქმედითი, რომ უზრუნველყოფილი იყოს სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი. ამავდროულად, იგი უნდა იყოს მოქალაქისთვის უფლების დაცვის ქმედითი და ეფექტიანი საშუალება. მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებელმა გაუმართლებლად შეზღუდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლებას.

მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, სადავო საკითხი არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, ვინაიდან კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი ზიანის a priori ანაზღაურებას, რომელიც პირს მიადგა საბჭოთა კავშირის რეპრესიის დროს, მაშინ როდესაც, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფალი მოკლებული იყო ეფექტიანი მმართველობის განხორციელების შესაძლებლობას. მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტებით, სადავო ნორმა მიღებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს მიერ გამოხატული კეთილი ნების ფარგლებში იმ პირთა დარღვეული უფლებების საკომპენსაციოდ, ვინც განიცადეს საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიები, თუმცა, ამავე დროს, სახელმწიფომ აღნიშნული გადაწყვეტილება შემოფარგლა კონკრეტული ვადით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი განსაზღვრულობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა კონკრეტული ვადით შემოფარგლავს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცედურის ნაწილს და, ამავე დროს, ხსენებული სტატუსის მიღების ერთადერთ გზას. ამ პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლო მონაწილეობს როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი. სასამართლოსათვის მიმართვა ემსახურება არა რომელიმე ორგანოს მიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმებას, არამედ თავად ამ სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, სადავო ნორმით ხდება არა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებიდან დაცვის საპროცესო წესრიგის დადგენა, არამედ თავად ამ მატერიალური უფლების რეალიზების დროით შემოფარგვლა. სადავო ნორმა არსობრივად ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ პირს უფლება აღარ აქვს, მოითხოვოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, სადავო ნორმის ძალით არ ხდება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ავტომატური აღიარება. გასაჩივრებული ნორმა შეეხება მხოლოდ იმ საკითხს, თუ კანონის ამოქმედებიდან რა ვადაში შეუძლია პირს ისარგებლოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის უფლებით. სადავო ნორმას არ გააჩნია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანისთვის სასამართლო წესით შესაბამისი კომპენსაციის უპირობოდ მიღების/ანაზღაურების ნორმატიული შინაარსი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ პირის მიერ სასამართლოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვის ვადით არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლოს წესით ანაზღაურების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს.

დავის საგანი: „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.