სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაადასტურა №1715 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმების არაკონსტიტუციურობა

2025 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დაადასტურა №1715 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ რიგი ნორმების არაკონსტიტუციურობა. 
სადავო ნორმები მერის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიზანშეწონილობის ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, აქვს თუ არა მერის მოადგილის თანამდებობას წმინდად პოლიტიკური ხასიათი, უნდა დადგინდეს მის მიერ განსახორციელებელი ფუნქციების გაანალიზების ფონზე. მერის მოადგილეს ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე გააჩნია ისეთი ფუნქციებიც, რომლებიც უახლოვდება პროფესიულს, მოითხოვს შესაბამის კომპეტენციას და სტაბილურ სამუშაო გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევდა, რომ მერის მოადგილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება, სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოწესრიგების საპირისპიროდ, საჭიროებს შესაბამისი საფუძვლისა და დასაბუთების არსებობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის გაგებით, მერის მოადგილის თანამდებობა წარმოადგენს საჯარო თანამდებობას და, შესაბამისად, მასზე ვრცელდება, საჯარო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლში მოაზრებული გარანტიები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი მხრივ, შეაფასა, რა მიზანს ემსახურება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობის დაცვა და როგორია საქართველოს კონსტიტუციით მისთვის შეთავაზებული გარანტიების მასშტაბი, მეორე მხრივ კი, იმსჯელა მერის მოადგილის თანამდებობრივ სტატუსზე, მის თანამდებობაზე დანიშვნის წესსა და ფუნქციებზე. 

მერის მოადგილის უფლებამოსილებათა ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება პროფესიული, წმინდად შრომითი ურთიერთობის განმახორციელებელი პირისაგან. ფუნქციური თვალსაზრისით, მერის მოადგილე მერის პოლიტიკური გუნდის წევრი და დამხმარეა.  ამასთან, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის საქმიანობა სრულადაა დამოკიდებული მერის, მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმმართავი პირის, მიერ დაგეგმილ და განსაზღვრულ საქმიანობასა და პოლიტიკური დღის წესრიგზე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მისი ძირითადი მოვალეობა მერის საქმიანობის ხელშეწყობაა. გარდა ამისა, ინდივიდუალური შრომითი უფლებების დაცვის კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ მოადგილის თანამდებობაზე დანიშნული პირისათვის წინასწარვე ცნობილია მის მიერ დასაკავებელი პოზიციის არსი და მასთან დაკავშირებული გარანტიების მასშტაბი. მათ შორის, მისთვის ცხადია, რომ აღნიშნული პოზიციის დაკავება დაკავშირებული არ არის ობიექტური და განჭვრეტადი კრიტერიუმების/მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან ან/და საკონკურსო პროცესთან. 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, იმსჯელა იმაზე, რომ სწორედ მერისა და მისი მოადგილეების ურთიერთთანამშრომლობა, პიროვნული ნდობა და კოორდინაცია განაპირობებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის ეფექტიანობას. აღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მერის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის ვადის დაკავშირება მერის მიზანშეწონილობასთან  გონივრულად ახსნადია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნებს.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“ და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.