სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1915 კონსტიტუციური სარჩელი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

2026 წლის 26 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო №1915 კონსტიტუციური სარჩელი (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სადავო იყო პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, პარლამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №240-IIმს-XIმპ და 2025 წლის 3 სექტემბრის №958-IVმს-XIმპ დადგენილებათა კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება).

სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტის გასაჩივრებული დადგენილებები არ წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მას არ გააჩნია იურისდიქცია, იმსჯელოს მათ კონსტიტუციურობაზე კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ არცერთ უფლებასთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ადგენს პოლიტიკური პარტიების შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, რის გამოც არ არსებობს საგნობრივი შემხებლობა ამ სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, №1915 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის არცერთ ნაწილში არ მიიღო არსებითად განსახილველად.