სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №882 კონსტიტუციური სარჩელი
2026 წლის 24 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №882 კონსტიტუციური სარჩელი („პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებდა ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას, აგრეთვე იმავე ქმედებას ჩადენილს არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე დროს, სადავო ნორმები აღნიშნული ქმედებებისთვის, სასჯელის სახით, ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე, ხოლო იმავე დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში − ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ 0,1315 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვისათვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ეწინააღმდეგება ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო ამავე დანაშაულებისათვის თავისუფლების აღკვეთა − აშკარად არაპროპორციული სასჯელის გამოყენების აკრძალვას.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ემსახურებოდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების პრევენციას. მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ კანაფის ფისი, თავისი მახასიათებლებითა და მასში არსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაციით, განსხვავდებოდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანისგან და მისი შეძენა და შენახვა ზრდიდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გავრცელების რისკს. ამასთანავე, ნარკოპოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ორგანოს ფართო დისკრეციის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სადავო სანქციები არ იყო აშკარად არაპროპორციული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საკუთარ წინარე პრაქტიკაზე დაყრდნობით, მიუთითა, რომ 0,1315 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისი, როგორც წესი, წარმოადგენს მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის საკმარის ოდენობას და ამავე მიზნით მისი შეძენა და შენახვა, თავისთავად, არ მიუთითებს გავრცელების რეალურ საფრთხეზე. ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმედების იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ადრე ნასამართლევი იყო ნარკოტიკული დანაშაულისათვის, არ ზრდის თავად ქმედებისგან მომდინარე საფრთხის ხარისხს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 0,1315 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის, მათ შორის, აღნიშნული ქმედების ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის პირობებში, არ გამოირიცხება მისი გავრცელების შესაძლებლობა, სადავო ნორმების ის ნაწილი, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებდა 0,1315 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას, აგრეთვე იმავე ქმედების ჩადენას არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.