სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლევან ალაფიშვილის და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
2019 წლის 5 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა N1279 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმების თანახმად, სატელეფონო აბონენტები იხდიდნენ „112“-ის მომსახურების საფასურს, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის შეადგენდა 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის - 0.50 ლარს.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს „112“-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ „112“-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო.
მოპასუხის პოზიციით, „112“ უზრუნველყოფს კოორდინაციას სასწრაფო დახმარებასთან, პოლიციასთან და სახანძრო სამსახურთან, ხოლო დაწესებული საფასური კი ემსახურებოდა „112“-ის ხარჯების ანაზღაურებას და მისი სერვისის თითოეული აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებელმა „112“-ის სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე, საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოს მთავრობას, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „112“-ის საფასურის გადახდის სატელეფონო აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112“-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას. ამავე დროს, საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი არის არა აბონენტის მიერ უშუალოდ „112“-ში საგანგებო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება, არამედ ასეთი შეტყობინების გაკეთების შესაძლებლობის არსებობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული „112“-ის საფასური განეკუთვნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსაკრებლის სტრუქტურის და შემოღების წესის, მისი განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების დადგენა მხოლოდ კანონით დაიშვება, რაც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას. სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავდა მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებს და მოსაკრებლის განაკვეთს და ამდენად, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.
ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად „112“ დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული
დავის საგანი: ა) საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;
ბ) „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით და ამავე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.