სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, მოსამართლე მანანა კობახიძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით.
დემოკრატიულ საზოგადოებაში განუზომლად დიდია თავისუფალი მედიის როლი, ღია მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფციის ფაქტების გამოვლენის თვალსაზრისით. ამავდროულად, მედიასაშუალების მიერ არაზუსტი, სათანადოდ გადაუმოწმებელი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას, მოსამართლის დეკლარირებული ქონების წარმომავლობის კანონიერების თაობაზე, თან ახლავს მოსამართლის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის შესახებ ცრუ შთაბეჭდილების შექმნისა და მისი რეპუტაციის შელახვის რისკი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმედოვნებს, რომ მომავალში მედიასაშუალებები მეტ ყურადღებას გამოიჩენენ მსგავსი საკითხების გაშუქებისას და თავს შეიკავებენ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.