სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, „შპს კასტელ ჯორჯიას“ და „სს წყალი მარგებლის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველ

2018 წლის 26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა  „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, „შპს კასტელ ჯორჯიას“ და „სს წყალი მარგებლის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N700).

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების იმ ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავენ არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების წესს.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები მათ ავალდებულებდა საწარმოში  სახელმწიფოს მიერ შერჩეული, მარკირების განმახორციელებელი პირის დაშვებას, რომელიც საწარმოო ხაზებზე დააყენებს მარკირების აპარატებს. მხარე მიუთითებდა, რომ მარკირების აპარატები მუშაობს ხარვეზულად, იწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას და ამავე დროს, სათანადოდ ვერ აღრიცხავს წარმოებული პროდუქციის მოცულობას. ამასთან, მარკირების ხარჯების ანაზღაურება მეწარმე სუბიექტებს ეკისრებათ, რაც მძიმე ფინასურ ტვირთად აწვება ინდუსტრიას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები არღვევს საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, საგადასახადო აღრიცხვის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამავე დროს, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით, თუმცა ნაკლები დანახარჯებით, უზრუნველყოფდა წარმოებული პროდუქციის აღრიცხვას.

სასამართლომ ასევე შეაფასა სადავო ნორმებით მეწარმეებისათვის დადგენილი ვალდებულების სიმძიმე. ფინანსურ ტვირთთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ იყო განუზომლად მძიმე. სადავო ნორმის ეფექტი არაალკოჰოლური სასმელების თითოეული ბოთლის მაქსიმუმ 2 თეთრით გაძვირებაში გამოიხატებოდა, რაც თავისთავად მის არაკონსტიტუციურობაზე არ მეტყველებდა. ამავე დროს, მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა მარკირების აპარატის განთავსების გამო საწარმოო პროცესის ინტენსიურ ხელშეშლას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩლეთა მოთხოვნა.

 დავის საგანი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.