სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

2017 წლის 21 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების მერი გიორგაძის და ფიქრია მერაბიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №735) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით (სახელმწიფოსგან უკანონოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურების უფლება).

სადავო ნორმა შეეხებოდა ისეთ შემთხვევებს, როდესაც სასამართლო საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების აქტს ბათილად ცნობს საჯარო დაწესებულების მიერ საქმის გარემოებების გამოუკვლევობის გამო. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ავალებს საჯარო დაწესებულებას, სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმე და შედეგად გამოსცეს ახალი აქტი. სადავო ნორმის მიხედვით, გათავისუფლებული მოხელისთვის განაცდური ხელფასი ანაზღაურდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად მიიღებდა მისი სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოსათხოვად, საჭიროა, სახეზე იყოს სამი წინაპირობა: საჯარო მოსამსახურის უკანონო ქმედება, დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

სასამართლოს მითითებით „მიზეზობრივი კავშირი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იარსებებს თუ საქმის სრულყოფილი გამოკვლევის პირობებში საჯარო დაწესებულება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. შესაბამისად, თუ საქმის გარემოებების ხელახალი, სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ მოხელის გათავისუფლების საფუძველი არსებობს კომპენსაციის მიუცემლობით, კონსტიტუციის მოთხოვნები არ დაირღვევა.

ამასთანავე, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს, რომ არ არსებობდა მოხელის განთავისუფლების კანონიერი საფუძველი, თუმცა რიგი ობიექტური გარემოებების გამო (აღარ არსებობს მისი თანამდებობა ან/და სტრუქტურული ერთეული, რომელშიც იგი მუშაობდა) მისი სამსახურში აღდგენა მაინც არ მოხდეს. ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ საჯარო დაწესებულების უკანონო ქმედება (საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოუკვლევობა) გახდა საჯარო მოხელის მიერ განაცდური ხელფასის მიუღებლობის მიზეზი და შესაბამისად, სახეზეა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი სამივე წინაპირობა.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ორივე ზემოთხსენებულ შემთხვევაში გამორიცხავდა გათავისუფლებული მოხელის მიერ კომპენსაციის მიღებას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.