სიახლეები

„საქართველოს სახალხო დამცველი და მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“

2022 წლის 10 და 11 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „საქართველოს სახალხო დამცველი და მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“ (№1591 და №1605 კონსტიტუციური სარჩელები).

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის 55 წელს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად განსაზღვრულია ზღვრული ასაკის მიღწევა. სადავოდ გამხდარი ნორმა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის ზღვრულ ასაკად აწესებს 60 წელს.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები აწესებს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რამდენადაც კონკრეტული კვალიფიკაციის, უნარებისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, ბლანკეტურად ვრცელდება ყველა 55 და 60 წელს მიღწეულ პირზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: ა) №1591 კონსტიტუციურ სარჩელის ფარგლებში: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) №1605 კონსტიტუციურ სარჩელის ფარგლებში: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.