სიახლეები
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2016 წლის 18 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თეიმურაზ ჯანაშია და გიული ალასანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, აგრეთვე ამავე კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სადავო ნორმით დადგენილი ქონებაზე ყადაღის დადების წესი არის ბუნდოვანი, არ ახდენს იმის ზუსტ განსაზღვრას, ვისი ქონება, რა გარემოებების არსებობისას და რა მიზნით შეიძლება დაყადაღდეს. მათი აზრით, ასევე არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს ქონებაზე ყადაღის დადების შუამდგომლობის განხილვის წესი. კერძოდ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი შუამდგომლობა განხილულ უნდა იქნეს ზეპირი მოსმენით ჩატარებულ სხდომაზე, სადაც მხარეს ექნება საკუთარი არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნორმის განჭვრეტადობის შეფასებისას სასამართლო არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი შინაარსის სიტყვასიტყვითი ანალიზით. საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმისა და ზოგადად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ კეთილსინდისიერი გამოყენების პირობებში სადავო ნორმები იძლეოდნენ გონივრული განმარტების შესაძლებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ქონების მესაკუთრე მოკლებულია ქონებაზე ყადაღის დადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში. იმავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ, თუ მოსარჩლე მხარისათვის პრობლემური იყო სადავო ნორმის საფუძველზე მიყენებული ზიანის სამოქალაქო სამართალწარმოების გზით ანაზღაურების პროცედურების მარეგლამენტირებელი კანონმდებლობა, მაშინ მას უნდა გაესაჩივრებინა სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები.
სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს მხოლოდ იმ ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსი 52-ე მუხლით შეიძლება დაექვემდებაროს ჩამორთმევას. გახარჯვის ან გადამალვის საფრთხესთან ერთად, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში აუცილებელია კუმულაციურად იმის მტკიცებაც, რომ იგი შესაძლოდ დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. სასამართლოს განმარტებით ქონების გახარჯვის ან გადამალვის საფრთხის პარალელურად ქონებაზე ყადაღის დადებისთვის აუცილებელია მისი შესაძლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვების მტკიცება, მაგრამ არა პირიქით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ქონებაზე ყადაღის დადების ხანგრძლივობის, ქონების მესაკუთრისათვის ყადაღის გამოყენების საჭიროების პერიოდულად გადასინჯვის კონსტიტუციურობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა არ წარმოადგენს დავის საგანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები თანაზომიერად ზღუდავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას. შესაბამისად, არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისას თანაბრად გაიყო გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეთა ხმები. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება“. გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების - ზაზა თავაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრები.