სიახლეები

სს „საქსათბობმშენი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 21 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო სს „საქსათბობმშენი“-ს კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N1217) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელე სადავოდ ხდიდა რეგულაციას, რომლის თანახმად 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. მისი მტკიცებით, სადავო ნორმა ფიზიკური პირებისგან განსხვავებით აყენებს მას არათანაბარ მდგომარეობაში და უზღუდავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი N1217 არ მიიღო არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი და შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებაში  საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

განჩინება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ.

დავის საგანი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების: „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.