სიახლეები

სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს „ტელენეტის“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (რეგისტრაციის N667).

საქმეზე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა. სადავო ნორმა ანიჭებდა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას, ქონების გადასახადის გადამხდელისათვის, საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასის (საბალანსო ღირებულების ნაცვლად) მიხედვით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს მის საბალანსო ღირებულებას. შესაბამისად, სადავო ნორმა ზრდის საგადასახადო ტვირთს და წინასწარ განუჭვრეტელს ხდის მის მოცულობას.  მოსარჩელის პოზიციით, სადავო რეგულაცია ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს, ზღუდავდა საკუთრების უფლებასა და თავისუფალ მეწარმეობას. 

საკუთრების უფლებასთან მიმართებით, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, სასამართლომ მიუთითა, რომ საბაზრო ფასის მიხედვით ქონების გადასახადის გადახდევინების წესი არ გამოიყენება, თუ გადასახადის გადამხდელი ქონებას გადაფასების მეთოდით აღრიცხავს. აღნიშული მეთოდით ქონების აღრიცხვა გულისხმობს პერიოდულად აქტივების საბალანსო ღირებულების შესაბამისობაში მოყვანას მის რეალურ ღირებულებასთან. ამდენად, არსებული საგადასახადო სისტემით გადასახადის გადამხდელისთვის დადგენილია არჩევანის შესაძლებლობა, იგი ან ქონების საბალანსო ღირებულებას პერიოდულად მოიყვანს შესაბამისობაში მის რეალურ ღირებულებასთან, ან საგადასახადო შემოწმებისას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იქნება, გადასახდელი გადასახადი ქონების საბაზრო ფასის შესაბამისად განუსაზღვროს.

ხსენებული საგადასახადო რეგულირება, სასამართლოს მიერ, არ იქნა მიჩნეული არაგონივრულად და შესაბამისად, სარჩელი კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქონების გადასახადის საბაზრო ფასის მიხედვით განსაზღვრა საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ნაწილია. საგადასახადო შემოწმების შედეგად შესაძლებელია საგადასახადო ორგანომ ზოგიერთ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენოს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება და ქონების გადასახადი საბაზრო ფასის მიხედვით განუსაზღვროს, ზოგის მიმართ კი დატოვოს საბალანსო ღირებულების მიხედვით დათვლილი საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, სადავო ნორმა იძლევა გადასახადის გადამხდელებს შორის დიფერენცირების შესაძლებლობას. ამავე დროს, სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირებას არ გააჩნია გონივრული გამართლება. შესაბამისად, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.